არჩევნები 2021

მელია: ვერასდროს ავუვლი გვერდს მოძალადეს, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს

Nika Melia / ნიკა მელია / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია, დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ვერასდროს აუვლის გვერდს მოძალადეს, რომელიც "ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეეზე".

მელიამ ბრიფინგზე ასევე ილაპარაკა, რა არის მისი პოლიტიკაში ყოფნისა და ქართულ ოცნებასთან ბრძოლის მიზნები.

"მე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვთამაშობ, ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ვარ გულანთებული და ვარ ალალი ადამიანი, რომელსაც ერთი რამ უნდა - ამ ქვეყანას აღარ მართავდეს არც კანონიერი ქურდი, ამ ქვეყანას არ მართავდეს მორჩილი მოსამართლე, მორჩილი პროკურორი და დაბეჩავებული შესაბამისი სამსახურები პოლიციისა. ამ ბრძოლაში ვარ ათობით და ასობით ათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას და ამ სახელმწიფოს ჰქონდეს მომავალი, მაგრამ მომავალი არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ცივილიზებულ სამყაროსთან", - ამბობს მელია.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ის ვერ შეეგუება რეალობას, რომელსაც ქვეყანა დასავლური სივრციდან გაყავს და რომ, დღეს დარწმუნდა 2 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებაში.

"ვერასდროს, ვერც ბავშვობაში, ვერც ახალგაზრდობაში, ვერც ახლა და ვერც შემდეგ, ვერასდროს ვერ ავუვლი და ჩავუვლი გვერდს მოძალადეს, რომელიც ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე - ბავშვებზეც, ახალგაზრდებზეც და ჭარმაგ ადამიანებზე და აი, ამის შემდეგ გამოდიან და ურცხვად საუბრობენ, რომ თითქოს მსხვერპლი არის საკუთარი თავისთვის მიმყენებელი და დამაზიანებელი საკუთარი ჯანმრთელობისა.

ვერასდროს შევეგუები, ვერც ბატონ კობახიძეს, ვერც ბატონ ივანიშვილს, ვერც ღარიბაშვილს, რაც არ უნდა ზონდერები, კრიმინალები და დაშანტაჟებული ადამიანები ჰყავდეთ ამ ქვეყანაში, ვერასდროს ვერ შევეგუები იმ მძიმე რეალობას, რომელსაც გავყავართ დასავლური სივრციდან. დღემდე ხშირად მოგიწოდებდით, გთხოვდით, რომ მოსულიყავით რეფერენდუმზე, მიგეღოთ მონაწილეობა უმნიშვნელოვანეს კენჭისყრაში, სადაც უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს ბედის, მაგრამ დღეს, მე როგორც არასდროს დავრწმუნდი, რომ ყველანი ერთ მუშტად შევიკვრებით და მივალთ და დავამარცხებთ უტიფრობას, მოძალადეებს", - თქვა მან.

დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიამ კობახიძეს "უსინდისო, ივანიშვილის მონა", კობახიძემ კი მას "ნაბიჭვარი" უწოდა.

მელიამ კობახიძეს ჰკითხა, სჯეროდა თუ არა, რომ დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთი თავად დაჭრეს.

ევროკავშრის წარმომადგენლობის ოფისში ნიკა მელია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს ხვდება, მაშინ, როდესაც დაპირისპირება მოხდა, ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ ოფისს ტოვებდა.


დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერების დაჭრის გამო ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს.  

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია 21 სექტემბერს პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, "თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი".

მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც ოქრიაშვილი აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს. 

კომენტარები