დმანისი

ბოკუჩავა აქტივისტების დაჭრაზე: პასუხისმგებელი ოცნებაა – რიტორიკით ძალადობას ახალისებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დმანისში აქტივისტების დაჭრას ეხმაურება და თავდასხმაში მონაწილეების დაკავებას მოითხოვს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობას არა მხოლოდ თავდამსხმელებს, არამედ ქართული ოცნების უმაღლესი თანამდებობის პირებს აკისრებენ, რადგან ისინი თავიანთი რიტორიკით ძალადობას ახალისებენ. 

ბოკუჩავას ინფორმაციით, სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატის, გიორგი ტატუაშილის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მათ თავს 20-30 აგრესიული ადამიანი დაესხა. ენმ-ის ინფორმაციით, თავდასხმას ხელმძღვანელობდა ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, რომელმაც 2 აქტვისტს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ბოკუჩავა ამბობს, რომ დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა ზურაბ ოკმელაშვილი, რომლის შვილი, მაკა ოკმელაშვილი დმანისში ქართული ოცნების სიის მე-3 ნომერია. მისივე ცნობით, თავდასხმისას ადგილზე იყო მიხეილ დაუთაშვილიც - ცეცხლსასროლი იარაღით.   

"ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, რომ მოხდეს აღნიშნული მოძალადეების დაკავება. აღნიშნულზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვაკისრებთ არა მხოლოდ უშუალოდ ამ თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ ასევე ვაკისრებთ ქართული ოცნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, რადგან ისინი საკუთარი რიტორიკით, საკუთარი განცხადებებით, საკუთარი კამპანიით, მათ შორის, ძალადობრივი პლაკატებით და მოქმედებებით, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმით, ახალისებენ ამგვარ ძალადობას და, შესაბამისად, ისინიც პასუხისმგებელი არიან ამ მძიმე დანაშაულზე. 

თავად მიხეილ დაუთაშვილი წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის ტარების უფლება, დარწმუნებული ვართ, რომ არ აქვს. ნორმალურ ქვეყანაში უნდა მოიხსნას აღნიშნული კანდიდატი და მასთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან. ჩვენ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზციებმა მოახდინონ დროული და უმკაცრესი რეაგირება, იმისთის, რომ ტავიდან ავიცილოთ მომავალში ამგვარი ძალადობრივი მოქმედებები ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ძალადობის გარდა არაფერს სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს 2 ოტომბრისთვის". - ამბობს ბოკუჩავა. 

მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს.   

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო - უწყებაში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.  

კომენტარები