დმანისი

დაუთაშვილი აქტივისტების დაჭრაზე: შესაძლოა, თვითონ მიაყენეს ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა

მთავარი

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი დმანისში, მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს.   

პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. მისივე ცნობით, აქტივისტებს თავს მიხეილ დაუთაშვილი და მისი შვილი, დაესხნენ. 

"კახა ოქრიაშვილის დაგეგმილი თემა იყო. გამოიარეს სიგნალებით, შეურაცხყოფებით. ჩემი შვილი მე დღესაც არ მინახავს სად არის და როგორ გაარკვიეთ, რომ ჩემი შვილი იყო, არ ვიცი. თუ ეგრე მიაჩნიათ თვითონ, რომ მაინდამაინც ჩემი შვილი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი. იქნებ მიამსგავსეს, მაგრამ ფაქტია, რომ არ ყოფილა.  

ხომ შეიძლება, თვითონ დააზარალეს, ერთმანეთში მოხდა რაღაც შელაპარაკება და თვითონ მიაყენეს ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქვე ლანძღავდნენ ერთმანეთს. არავისზე თავდასხმა არ გვჭირდება, ჩვენ ვართ მოგებულები, გამარჯვებულები, თვითონ არიან გაღიზიანებული, რომ წაგებული პოზიცია აქვთ". - ამბობს დაუთაშვილი მთავართან ინტერვიუში. 

კახა ოქრიაშვილის თქმით, დმანისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე თავდამსხმელები ის პირები არიან, ვინც 2020 წელს მას და მის მომხრეებს ესხმოდნენ თავს. 

"სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები. მივმართავ შესაბამის უწყებებს - ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას". - ამბობს ოქრიაშვილი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ და არკვევენ. 

კომენტარები