ფარული მოსმენები

ბოკერია კალაძეზე: ელემენტარული არ იცის – მტრული ქვეყნის დიპლომატსაც კი იცავს ვენის კონვენცია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სუს-ის მიერ დიპლომატების სავარაუდო მოსმენაზე თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარს ეხმაურება. ბოკერიას თქმით, კალაძემ "ელემენტარული არ იცის" - რომ ვენის კონვენცია მტრული სახელმწიფოს დიპლომატებსაც კი იცავს. 

"ბევრი კატასტროფული და ეგზოტიკური განცხადება მოვისმინეთ - კალაძე ერთ-ერთი გამორჩეულია. სადღაც სხვაგან რომ ხდებოდეს ეს ყველაფერი, ცუდი პოლიტიკური მოღვაწეების შესახებ ანეკდოტის საგანი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ლიდერები, ქალაქის მერი და მისი გარემოცვა ამ კატასტროფის ფონზე, რომელიც ყველამ ვიხილეთ, პასუხს გვცემენ დამატებით უტიფრობით - რომ ეს ყველაფერი არის ნორმალური. ისინი აღშფოთდნენ არა იმაზე, რაც ხდება, არა იმაზე, რომ სპეცსამსახურები ერთადერთ ამოცანაზე, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ძალაუფლების შენარჩუნებაზე მუშაობს, გაბრაზდნენ იმაზე, რომ ამის მხილება მოხდა და ამას დაუპირისპირეს ყველა ამ ტიპის რეჟიმისთვის დამახასიათებელი თავხედური უტიფრობა - რომ ეს ყველაფერი ასეც უნდა იყოს.

იქ დამატებითი შტრიხი იყო, რომ დიპლომატებიც კი ახსენა კალაძემ. ელემენტარული რაღაც არ იცის, რომ მტრული სახელმწიფოს დიპლომატებსაც კი იცავს ვენის კონვენცია, თუ არ არის მიმდინარე დანაშაულის გამოძიება". - ამბობს გიგა ბოკერია. 

ბოკერიას თქმით, ქართულ ოცნებას სამიზნედ ამოღებული არ ჰყავს პუტინისტური რუსეთი და მათი მოკავშირეები, რუსეთის ჯაშუშები, ორგანიზებული დანაშაული და ძალადობრივი ჯგუფები. მისივე სიტყვებით, ხელისუფლება სპეცსამსახურებს საზოგადოების კონტროლისა და ოპონენტების პოლიტიკურად დასუსტებისთვის იყენებს.   

თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებული მასალებზე ამბობს, რომ თუ საჭიროა უწყებამ უნდა მოუსმინოს ვინც სჭირდება და მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც. გავრცელებულ მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, დგინდება, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენს


13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ ჩაწერეს სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენდნენ.

კომენტარები