ჩვენი გუნდი არ იბრძვის უბრალოდ საკრებულოსთვის, რაც ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ პირობებში იქნებოდა და არის მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის. ეს არის ბრძოლა ჩვენი, ყველას მომავლის გადასარჩენად - ჩვენი თავისუფლების, მათ შორის, თბილისის საკრებულოს, თვითმმართველობის, საქართველოში ყველა ქალაქის მომავლის გადასარჩენად. ამიტომ, ჩვენ ყველას განსაკუთრებული პასუხისგებლობა გვაქვს. ჩვენი ვალია, რომ საკუთარი აქტიურობით, ჩვენი საუბრით, კომუნიკაციით, ყველა მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ მათ თითოეულ ხმაზე არის დღეს დამოკიდებული, რა მოხდება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.
დღეს ლაპარაკია, რომ მთავარი იარაღი, რაც ხელში გვიჭირავს, არის საარჩევნო ბიულეტენი და ეს შანსი, მოვალე ვართ, რომ გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ შანსი, რასაც თაობებმა შესწირა თავისი სიცოცხლე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრმა ადამიანმა ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს, იბრძოლა იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ეს შანსი გვქონოდა, მაშინ, როდესაც მათ საკუთარ სიცოცხლეში ამის მიღწევის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა - მე მჯერა და მწამს, რომ ევროპული საქართველოს გუნდი, ყველა თქვენგანი ამ პასუხისმგებლობას უდგება ამ ბრძოლას, ამ არჩევნებს და ყველაფერს, რაც უნდა მოჰყვეს ამ არჩევნებში ქართული საზოგადოების გამარჯვებას.





