Aukus

საფრანგეთი AUKUS-ზე: ტყუილი, ორპირობა, უპატივცემულობა – ალიანსში ასე არ უნდა თამაშობდე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის შეფასებით უთანხმოება საფრანგეთის ურთიერთობებში აშშ-სთან და ავსტრალიასთან კრიზისს ქმნის. პარტნიორებს შორის დაძაბულობა აშშ-ს, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის უშიშროების ახალი პაქტის Aukus-ის გაფორმებამ გამოიწვია.

"იყო ორპირობა, უპატივცემულობა და ტყუილი – მოკავშირეებთან ასე თამაში არ შეიძლება. [..] პირველად აშშ-სა და საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიაში კონსულტაციებისთვის გამოვიხმეთ ელჩი, ეს სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კრიზისის სიმძლავრეს" – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები 17 სექტემბერს გამოიხმო. ავსტრალიაში საფრანგეთის ელჩის ჟან-პიერ ტებოლტის შეფასებით პარტნიორებმა დიდი შეცდომა დაუშვეს. 

საფრანგეთის საპასუხოდ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ავსტრალია საფრანგეთთან "პირდაპირი, ღია და გულწრფელი" იყო. 

ქვეყნებს შორის დაძაბულობა Aukus-ის გაფორმების შემდეგ საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის თითქმის $40 მილიონიანი შეთანხმების ჩავარდნამ გამოიწვია. 2016 წელს ავსტრალიამ აირჩია ფრანგული გემმშენებელი კომპანია Naval Group-ი, რომელსაც $40 მილიარდის სანაცვლოდ ავსტრალიისთვის ახალი წყალქვეშა ნავების ფლოტი უნდა შეექმნა, რათა ამ უკანასკნელს ორი ათწლეულის წინანდელი კოლინსის კლასის წყალქვეშა ნავების ფლოტი განეახლებინა. თუმცა Aukus-ის გაფორმების შემდეგ, ავსტრალია ამერიკული და ბრიტანული ტექნოლოგიების გამოყენებით ატომური წყალქვეშა ნავების შემუშევაბას დაიწყებს და გახდება მე-7 სახელმწიფო, რომელსაც ატომური წყალქვეშა ნავები აქვს, შესაბამისად საფრანგეთთან დადებული 2016 წლის შეთანხმება აღარ შესრულდება.

ავსტრალიის პრემიერმინისტრის სკოტ მორისონის თანახმად, ის ქვეყნის ინტერესების ფარგლებში იქცეოდა და აღნიშნა, რომ საფრანგეთს ყველა მიზეზი ჰქონდა, ეფიქრა, რომ 2016 წლის შეთანხმება 12 კონვენციური წყალქვეშა ნავის აშენების შესახებ ავსტრალიის სტრატეგიულ ინტერესებს ვერ დააკმაყოფილებდა.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ​AUKUS-ი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამ ქვეყანას შორის გაფორმებული ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა.

პაქტის მთავარი ფოკუსი სამხედრო შესაძლებლობები იქნება. ავსტრალიის მიერ ატომურ წყალქვეშა ნავების შემუშავების დაწყება პაქტის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არანაკლები მნიშვნელოვანია კიბერტექნოლოგიების, კვანტური ტექნოლოგიების, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული და სხვა წყალქვეშა ტექნოლოგიების გაზიარება მოკავშირეებს შორის.

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის და ავსტრალიის პრემიერმინისტრის სკოტ მორისონის ერთობლივი განცხადების თანახმად პარტნიორობის მიზანია რეგიონში "უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ხელი შეუწყოს".

"ეს არის ისტორიული შესაძლებლობა სამი სახელმწიფოსთვის, თანამოაზრე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, დაიცვან საერთო ღირებულებები და ხელი შეუწყონ ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას" - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერებს რეგიონში ერთ-ერთ საფრთხედ ჩინეთი პირდაპირ არ დაუსახელებიათ, მაგრამ აღნიშნეს რომ რეგიონალური უსაფრთხოებისთვის გამოწვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სავარაუდოა, რომ შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი ჩინეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობების დაბალანსებაა. ბოლო წლებში დასავლურმა დემოკრატიებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება, ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში ჩინეთის სამხედრო გავლენის ზრდასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში პეკინს სადავო ტერიტორიებზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის ზრდაში ადანაშაულებენ. ჩინეთმა ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო სანაპირო დაცვაში, რომელიც ექსპერტების შეფასებით ფაქტობრივად დე ფაქტო სამხედრო ფლოტია. გარდა ამისა, დასავლეთი სიფრთხილით უდგება წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის ეკონომიკურ აქტივობასაც, ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სავაჭრო სანქციებს.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ დასავლეთის ქვეყნები "ცივი ომის მენტალიტეტსა და იდეოლოგიურ ცრურწმენაში" დაადანაშაულა.

კომენტარები