Aukus

ბაიდენის და მაკრონის სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში ბრუნდება

ჯო ბაიდენი/ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერს აშშ-სა და საფრანგეთის ლიდერებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვას ემსახურებოდა. საფრანგეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის უსაფრთხოების ახალი პაქტის, Aukus-ის გაფორმების შემდეგ დაიძაბა.

ჯო ბაიდენის და ემანუელ მაკრონის საერთო განცხადების თანახმად, ლიდერები 30 წუთი ლაპარაკობდნენ და ნდობის გამყრებისთვის სიღრმისეული კონსულტაციების დაწყებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა ბაიდენი და მაკრონი ოქტომბრის ბოლოს ევროპაში შეხვდებიან.

აშშ ასევე საფრანგეთს დაეხმარება, საჰელში ანტიტერორისტული ოპერაციებში. აშშ-ს ოფიციალური პირების განმარტებით, ეს იქნება ლოჯისტიკური დახმარება და აშშ-ს არ გეგმავს სამხედრო ძალების გაგზავნას რეგიონში.

"ორი ლიდერი დათანხმდა, რომ მდგომარეობისთვის სასარგებლო იქნებოდა ღია კონსულტაციები მოკავშირეებს შორის საფრანგეთისთვის და ჩვენი ევროპული პარტიონრებისთვის საინტერესო სტრატეგიულ საკითხებზე" – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლის სპიკერის ჯენ ფსაკის თქმით, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრარი მეგობრული იყო.

"პრეზიდენტის საფრანგეთის პრეზიდენტთან მეგორბული საუბრარი ჰქონდა და ისინი ოქტომბერში შეხვედრასა და სხვადასხვა საკითხებზე ახლო კონსულტაციებსა და ერთობლივ მუშაობაზე შეთხმდნენ" – თქვა ფსაკიმ.

კითხვაზე მოუხადა თუ არა ბაიდენმა მაკრონს ბოდიში, ფსაკიმ უპასუხა, რომ პრეზიდენტმა აღიარა, რომ შეიძლეობდა მხარეებს შორის უფრო მეტი კონსულტაცია გამართულიყო.


Aukus-ის პაქტის გაფორმების შემდეგ ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის თითქმის $40 მილიარდიანი შეთანხმება ჩავარდა. 2016 წელს ავსტრალიამ აირჩია ფრანგული გემმშენებელი კომპანია Naval Group-ი, რომელსაც $40 მილიარდის სანაცვლოდ ავსტრალიისთვის ახალი წყალქვეშა ნავების ფლოტი უნდა შეექმნა. თუმცა Aukus-ის გაფორმების შემდეგ, ავსტრალია ამერიკული და ბრიტანული ტექნოლოგიების გამოყენებით ბირთვული წყალქვეშა ნავების შემუშავებას დაიწყებს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები გამოიხმო. საფრანგეთის შეფასებით, ხელშეკრულება ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასი იყო.

ანალიტიკოსების შეფასებით, ​AUKUS-ი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამ ქვეყანას შორის გაფორმებული ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა.

პაქტის მთავარი ფოკუსი სამხედრო შესაძლებლობები იქნება. ავსტრალიის მიერ ატომურ წყალქვეშა ნავების შემუშავების დაწყება პაქტის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა არანაკლები მნიშვნელოვანია კიბერტექნოლოგიების, კვანტური ტექნოლოგიების, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული და სხვა წყალქვეშა ტექნოლოგიების გაზიარება მოკავშირეებს შორის.

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის და ავსტრალიის პრემიერმინისტრის სკოტ მორისონის ერთობლივი განცხადების თანახმად პარტნიორობის მიზანია რეგიონში "უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ხელი შეუწყოს".

"ეს არის ისტორიული შესაძლებლობა სამი სახელმწიფოსთვის, თანამოაზრე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, დაიცვან საერთო ღირებულებები და ხელი შეუწყონ ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას" - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერებს რეგიონში ერთ-ერთ საფრთხედ ჩინეთი პირდაპირ არ დაუსახელებიათ, მაგრამ აღნიშნეს რომ რეგიონალური უსაფრთხოებისთვის გამოწვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სავარაუდოა, რომ შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი ჩინეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობების დაბალანსებაა. ბოლო წლებში დასავლურმა დემოკრატიებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება, ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში ჩინეთის სამხედრო გავლენის ზრდასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში პეკინს სადავო ტერიტორიებზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის ზრდაში ადანაშაულებენ. ჩინეთმა ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო სანაპირო დაცვაში, რომელიც ექსპერტების შეფასებით ფაქტობრივად დე ფაქტო სამხედრო ფლოტია. გარდა ამისა, დასავლეთი სიფრთხილით უდგება წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის ეკონომიკურ აქტივობასაც, ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სავაჭრო სანქციებს.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ დასავლეთის ქვეყნები "ცივი ომის მენტალიტეტსა და იდეოლოგიურ ცრურწმენაში" დაადანაშაულა.

კომენტარები