არჩევნები 2021

გახარია ბანერებზე: ოცნების ამორალური კამპანიაა, ფსკერი, აი, მაგარი არიფები არიან, რა

"ეს არის ის ამორალური კამპანია, რომელსაც ოცნება საარჩევნოდ ატარებს" - ასე აფასებს პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია თბილისში გაკრულ ძალადობრივი ხასიათის ბანერებს, რომელზეც ყოფილი პრემიერმინისტრიც არის გამოსახული.

"ეს უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი, თან მერე რაღაცა პოზების დაჭერა, რომ - აი, მე რა შუაში ვარ, ეს ვიღაცამ [გააკეთა]. აი, მაგარი არიფები არიან რა, როგორი არიფები არიან, იცით? ისეთი არიფები არიან, ასეთ რაღაცას აკეთებენ და მერე გამოვლენ, მეც არ მომწონსო. ამორალობის ეს დონე არის ფსკერი" - ამბობს გახარია. 

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ხელისუფლებამ ისინი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა. 

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

კომენტარები