არჩევნები 2021

ODHIR: საარჩევნო ცვლილებებმა ODHIR-ის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ნაწილობრივ გაითვალისწინა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშის აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად ODIHR-ის საარჩევნო ცვლილებებში წინა რეკომენდაციები ნაწილობრივ არის გათვალისწინებული, ხოლო საარჩევნო გარემო ქვეყანაში მკვეთრად პოლარიზებულია.

"სამართლებრივი ჩარჩო მნიშვნელოვნად შეიცვალა 2021 წლის 28 ივნისს 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიმართული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ჩიხის გადასაწყვეტად. ცვლილებებმა შეცვალა საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და დანიშვნის წესი, ადგილობრივი არჩევნებისთვის შემოიღო პროპორციულობის უფრო მაღალი კომპონენტი, გაზარდა დავების გადაწყვეტის ვადები, შემოიღო სავალდებულო შემთხვევები გადათვლა და დამატებითი ზომები ამომრჩეველთა დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. ამ ცვლილებებმა ნაწილობრივ გაითვალისწინა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა ODHIR-ის რამდენიმე წინა რეკომენდაცია რჩება გაუთვალისწინებელი, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავის გადაწყვეტასთან და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან დაკავშირებით."- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა, რომლებსაც სადამკვირებლო მისია შეხვდა, ამბობს, რომ კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება აქვთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გარემო მმართველი პარტიის მხარეს არის გადახრილი.

სადამკვირვებლო მისის წევრების დახასიათებით საარჩევნო გარემო მკვეთრად პოლარიზებულია.

"ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრის დახასიათებით პოლიტიკური გარემო მკვეთრად პოლარიზებულია, დისკუსია აგრესიულია და ხშირია დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებები" - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის შეფასებით, ქვეყანაში მედია გარემო მრავალფეროვანია, თუმცა ძლიერ არის დამოკიდებული ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებზე და დიდწილად ირეკლავს იმ პოლარიზაციას, რომელიც მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის არის.

"ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრმა, გამოთქვა შეშფოთება გაუარესებული მედია გარემოსთან დაკავშირებით და ჟურნალისტების დაშინების და მათზე ძალადობის შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებით" - ნათქვამია ანგარიშში.

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 26 აგვისტოს დაიწყო. მისიის ხელმძღვანელი ალბერტ ჯონსონია. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ძირითად გუნდში 12 ექსპერტი იქნება, რომლებიც თბილისში იქნებიან დაფუძნებული. 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას 4 სექტემბრიდან მუშაობს. მოკლევადიანი დამკვირვებლები კი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვლენ. სადამკვირვებლო მისია წინასწარ მიგნებებზე არჩევნების მეორე დღეს 3 ოქტომბერს ისაუბრებს.

კომენტარები