ფარული მოსმენები

მეუფე იაკობი გახარიაზე: ეკლესიის დისკრედიტაციით, თავისთავად, ოცნებას ხმებს წაართმევდა

ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციით გიორგი გახარია ქართულ ოცნებას ხმებს წაართმევდა. მეუფემ, სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერების გავრცელებაზე ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მასალების გავრცელებას ის გიორგი გახარიას უკავშირებს.

"ამ სავარაუდო მოსმენებით ეკლესიის დისკრედიტაცია რომ მოხდებოდა, თავისთავად, ის [გიორგი გახარია] ოცნებას ხმებს წაართმევდა. ახლა იცით რომ 43%-ზე მიდის საუბარი. მართალია, ოცნებამ განაცხადა, რომ აღარ აქვს გეგმაში, თუ [არჩევნებში] 43%-ზე ნაკლები იქნება, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ალბათ საზღვარგარეთისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. [გახარია] შემოსულია იმ ველზე, სადაც, მაგაში ვერ გაამტყუნებ, უნდა რომ ოცნებას წაართვას ხმები. როცა ხელისუფლება შევცვალეთ 2012-ში, გახარია სად იყო და მის იდეებს ვინ უნდა გაჰყვეს? უბრალოდ „ოცნებას“ დააკარგვინებდა რაღაც რაოდენობის ხმას." – თქვა მეუფე იაკობმა.

ეპისკოპოსის თქმით, როდესაც გაიგო, რომ გიორგი გახარიას დავალებით სასულიერო პირების მოსმენის დავალება გაიცა, ის საპატრიარქოში ამ საკითხზე ყველას ესაუბრა, თუმცა იმ დროს არ დაუჯერეს, ახლა კი ყველას სჯერა მისი.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში გიორგი გახარია შსს-ს მაღალჩინოსნებს მღვდლებზე კომპტრომატების შეგროვებას სთხოვდა. 

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად 2017 წელს დაინიშნა. 13 სექტემბერს გავრცელებული მასალებში, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, 2017 წელზე უფრო ძველი ჩანაწერებიც მოიპოვება.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

ნოდარ მელაძემ იმავე დღეს თქვა, რომ ფაილებში მისი სატელეფონო მოსმენის შიფრებია, კერძოდ კი საუბარი ბოდბელ ეპისკოპოს იაკობთან, მამა ანდრია სარიასთან და მეუფე ნიკოლოზთან.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები