ფარული მოსმენები

სუს ფაილებზე: გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს საპატრიარქოს შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალების გავრცლებას ეხმაურება. უწყება მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რადგან ისინი აზიანებენ სამსახურის პატივსა და ღირსებას.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას". – ნათქვამია სუს-ისგანცხადებაში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები