ვაგნერის ჯგუფი

მედია: რუსული დაქირავებული სამხედრო ჯგუფი ვაგნერის 1000 მებრძოლი მალიში ჩავა

ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები

მედიის ცნობით, მალის ხუნტა რუსი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლების დაქირავებას აპირებს. ამ ქმედებამ გამოიწვია მალის ყოფილი კოლონიალური ძალის, საფრანგეთის გაღიზიანება. გამოცემა Reuters-ი ინფორმაციას 7 დიპლომატიურ და უსაფრთხოების თანამშრომლების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საპასუხოდ დიპლომატიური ქმედება დაიწყო პარიზმა, რათა სამხედრო ხუნტამ შეთანხმება რუსულ სამხედრო ჯგუფთან არ გააფორმოს. 

ერთ-ერთმა ევროპულმა წყარომ, უსაფრთხოების სფეროდან თქვა, რომ შესაძლოა მალიში ვაგნერის 1 000-მდე სამხედრო გაგზავნონ. ორი სხვა წყაროს თქმით, რიცხვები უფრო ნაკლებია, თუმცა ზუსტი დეტალები არ უთქვამთ. 

ოთხი წყაროს თქმით, მალის ხუნტა ვაგნერის ჯგუფს თვეში დაახლოებით $10.8 მილიონს გადაუხდის. უსაფრთხოების სფეროს ერთ-ერთი ანონიმური წყაროს მიხედვით, კერძო კომპანიის მებრძოლები მალის სამხედროებს ავარჯიშებენ, ასევე უზრუნველყოფენ მაღალი თანამდებობების პირების დაცვას. 

Reuters-მა სცადა დაკავშირებოდა ვაგნერის ჯგუფის სავარაუდო დამაარსებელს, ევგენი პრიგოჟინს, რომელიც სამხედრო კომპანიასთან კავშირს უარყოფს. მას ან მის წარმომადგენლებს გამოცემისთვის არ უპასუხიათ. 

საფრანგეთს აქვს შიში, რომ ვაგნერის ჯგუფის გამოჩენა ხელს შეუშლისაფრიკაში, საჰელის რეგიონის დასავლეთში მათი კონტრტერორიზმის ოპერაციებს ალ-კაიდასა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საფრანგეთი აპირებდა ბარხანის მისიის 5 000-კაციანი კონტინგენტის შემცირებას. ეს მისია საფრანგეთმა 2014 წელს დაიწყო აფრიკაში მყოფი ისლამისტი ამბოხებულების წინააღმდეგ. 

ვაგნერის ჯგუფი ბოლო ხანებში აფრიკაში ფეხს იკიდებს. მათი წარმომადგენლები არიან ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. სამხედრო კომპანია რუსეთის რეგიონში ავრცელებს რუსეთის გავლენას, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მათზე კონტროლს უარყოფს.


ვაგნერის ჯგუფი სირიის ომში 2015 წელს ჩაერთო რუსეთის არმიასთან ერთად. ისინი ასევე მონაწილეობდნენ უკრაინა-რუსეთის ომში დონბასის რეგიონში მყოფი სეპარატისტების მხარეს და ლიბიის ომში. ჯგუფის ლიდერი არის დიმიტრი უტკინი. 47 წლის ყოფილი პოდპოლკოვნიკი უტკინი რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (ГРУ) მსახურობდა. დაჯგუფების მთავარ დამფუძნებლად მიიჩნევა "პუტინის მზარეულის" ზედმეტსახელით ცნობილი რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი, თუმცა თავად დაქირავებულ მებრძოლებთან კავშირს არ აღიარებს. ვაგნერის ჯგუფისა და სირიაში მოქმედი სხვა რუსული დაქირავებული დაჯგუფებების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

რუს დაქირავებულებს ბრალს სდებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. ასევე იგივე ბრალი ედებათ სირიასა და ლიბიაში.

კომენტარები