რუსეთი-სირია

NGO-ებმა დაქირავებულ რუს სამხედროთა დაჯგუფება ვაგნერს მოსკოვის სასამართლოში უჩივლეს

ვაგნერის წევრები ახლო აღმოსავლეთში, სირიაში

3-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სირიიდან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან, დაქირავებულ მებრძოლთა ვაგნერის ჯგუფის წინააღმდეგ მოსკოვის სასამართლოში საჩივარი შეიტანა. იურიდიული პროცესი შეეხება სირიელი ტყვის წამებასა და მისი სხეულის დანაწევრების ფაქტს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სარჩელი შეადგინეს, არიან: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია  საფრანგეთიდან, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სირიის ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია მემორიალი რუსეთიდან.

2017 წელს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სირიაში რუსულად მოსაუბრე პირები აწამებენ მამაკაცს, რომელიც სირიის არმიის დეზერტირი იყო, შემდეგ აჭრიან ხელებსა და თავს, ბოლოს კი სხეულს წვავენ. მსხვერპლი მუჰამედ ტაჰა ალ ისმაილ აბდალა იყო. ასევე ვიდეოჩანაწერში ჩანდა კიდევ ერთი მოკვეთილი თავი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა. თავდაპირველად ვერ ხერხდებოდა სამხედრო დანაშაულის ჩამდენი რუსი პირების იდენტიფიცირებაც, თუმცა 2019 წელს რუსულმა გამომცემლობა Novaya Gazeta-მ ვაგნერის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ვინაობა დაასახელა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სარჩელი ვაგნერის წევრების მსხვერპლის ოჯახის წევრის სახელით წარადგინეს.

"ეს სარჩელი არის სირიელი მსხვერპლის ოჯახის პირველი მცდელობა, რომ სირიაში ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ რუსებს ბრალი დასდონ". – წერია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სირიის ცენტრისა და ორგანიზაცია მემორიალის ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზაცია მემორიალის წარმომადგენელმა, ალექსანდრე ჩერკასოვმა ხაზი გაუსვა სარჩელის მნიშვნელობას.

"ეს სარჩელი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მხოლოდ ერთ დანაშაულთან არ გვაქვს შეხება. ეს დაუსჯელობის მთელი ტალღაა". – თქვა ჩერკასოვმა.

"ადამიანები, რომლებიც სასჯელს გაურბიან, აქვთ შესაძლებლობა, რომ მსგავსი დანაშაულები გაიმეორონ ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჩეჩნეთი, აღმოსავლეთ უკრაინა ან სირია. საბოლოოდ ისინი რუსეთში ბრუნდებიან და ჩვენს შორის ცხოვრობენ". – დაამატა მემორიალის წარმომადგენელმა. 

"რუსეთის მთავრობამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი იურიდიული და მორალური ვალდებულებები მისი არმიის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით, იმ კერძო კომპანიების ჩათვლით, რომლებიც მათი განკარგულების ქვეშ იმყოფებიან, როგორიცაა ვაგნერის ჯგუფი". – თქვა მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სირიის ცენტრის ხელმძღვანელმა. 


ვაგნერის ჯგუფი სირიის ომში 2015 წელს ჩაერთო რუსეთის არმიასთან ერთად. ისინი ასევე მონაწილეობდნენ უკრაინა-რუსეთის ომში დონბასის რეგიონში მყოფი სეპარატისტების მხარეს და ლიბიის ომში. ჯგუფის ლიდერი არის დიმიტრი უტკინი. 47 წლის ყოფილი პოდპოლკოვნიკი უტკინი რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (ГРУ) მსახურობდა. დაჯგუფების მთავარ დამფუძნებლად მიიჩნევა "პუტინის მზარეულის" ზედმეტსახელით ცნობილი რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი, თუმცა თავად დაქირავებულ მებრძოლებთან კავშირს არ აღიარებს. ვაგნერის ჯგუფისა და სირიაში მოქმედი სხვა რუსული დაქირავებული დაჯგუფებების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

 

კომენტარები