ისრაელი-ეგვიპტე

ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფთალი ბენეტი ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

ნაფტალი ბენეტი და აბდულ-ფათაჰ ალ-სისი
EPA

ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფთალი ბენეტი ეგვიპტეში ჩავიდა და პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ხვდება. ბოლო 10 წელიწადში ეს ეგვიპტეში ისრაელის პრემიერმინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

უსაფრთხოების მიზნით ბენეტის ვიზიტის დეტალები 13 სექტემბრამდე არ საჯაროვდებოდა. ეგვიპტის პრეზიდენტთან მისი შეხვედრის შესახებ ცნობილი მხოლოდ შეხვედრის დაწყების შემდეგ გახდა.

ეგვიპტის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ლიდერები "სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთოებების საკითხებს", რეგიონალურ და საერთაშორისო მოვლენებს და "ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის განახლების გზებსა და ძალისხმევას" განიხილავენ.

ნაფთალი ბენეტმა, რომელიც ისრაელის პრემიერმინისტრის პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუ ივნისში ჩაანაცვლა, ეგვიპტის მიწვევა გასულ თვეს მიიღო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოლო პრემიერი იყო, რომელიც ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, შეხვედრა 2011 წელს ჰოსნი მუბარაქსა და ნეთანიაჰუს შორის შედგა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ რევოლუციის შედეგად მუბარაქის მთავრობა გადადგა. 2018 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუ ეგვიპტეში საიდუმლო ვიზიტით პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან შესახვედრად ჩავიდა. ლიდერები ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომების დროს რამდენჯერმე შეხვდნენ. 1979 წელს ეგვიპტე პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. 2021 წლის მაისში ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის 11-დღიანი კონფლიქტის დროს ეგვიპტემ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა. კონფლიქტის შედეგად ღაზის სექტორში სულ მცირე 260 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ისრაელში - 13.

ბოლო კვირების მანძილზე მხარეებს შორის დაძაბული მდგომარეობა რამდენჯერმე შეიქმნა. 13 სექტემბერს ისრაელის სამხედრო ძალების თანახმად, მათ ღაზის სექტორში ჰამასის ძალებს დაარტყეს, რისი მიზეზიც ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ ზედიზედ მესამე ღამით რაკეტების სროლა გახდა.

კომენტარები