დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის კვლავ იზრდება, ანკლავიდან კიდევ 2 რაკეტა ისროლეს

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის კვლავ იზრდება. ერთ ღამეში პალესტინელთა ანკლავიდან 2 რაკეტა ისროლეს. ორივე რაკეტა რკინის გუმბათის სისტემამ უვნებელყო.

პირველი რაკეტის სროლის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაზის სექტორში იერიში მიიტანეს. სწორედ, დაახლოებით ამ დროს ისროლეს მეორე რაკეტაც. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათ იერიში მიიტანეს ჰამასის სავარჯიშო არეალზე, ასევე იარაღის საწარმოსა და მიწისქვეშა გვირაბის შესასვლელზე. 

ღაზის სექტორიდან რაკეტები გასულ დღეებშიც ისროლეს


სიტუაცია ისრაელსა და ჰამასის კონტროლირებად ღაზის სექტორს შორის ხელახლა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ისრაელმა უარი თქვა პალესტინელთა ანკლავში კატარიდან გამოგზავნილი ფინანსური დახმარების შეტანაზე. მოლაპარაკებების შემდეგ, გაეროს შუამავლობით, გადაწყდა გეგმა, თუ როგორ დაუშვებდნენ ღაზაში ამ ფინანსებს ისე, რომ ჰამასის ხელში არ მოხვედრილიყო. შეთანხმების მიუხედავად, ღაზისა და ისრაელის საზღვარზე მოხდა შეტაკებები, როდესაც პალესტინელები აქ ბუნტებს აწყობდნენ.

კატარის დაფინანსების ღაზაში დაშვება, ამ მომენტისთვის, ისრაელისა და ჰამასის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შესათანხმებელი საკითხი იყო. ისრაელის მხარე დემონსტრაციების წახალისებაში ბრალს ჰამასს სდებს. 

ისრაელის ნებართვით, ბოლო წლებში კატარიდან ღაზის სექტორში მილიონობით დოლარის თანხები ნაღდი ფულით შეჰქონდათ, რათა ჰამასის მმართველობას შესძლებოდა ენერგოსადგურის საწვავის, საჯარო მოხელეებისა და ღარიბი ოჯახებისთვის ფულის გადახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები, რომლებიც მაისში 11-დღიანი დაპირისპირების შემდეგ დაიწყო, თავდაპირველად თითქოს წარმატებით ვითარდებოდა, ბოლო კვირებში ვითარება შეიცვალა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ისრაელსა და ჰამასს შორის კვლავ ღია დაპირისპირება დაიწყოს.


10 მაისს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ხდებოდა, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.

დაპირისპირება 11 დღეს გაგრძელდა. მთლიანობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

კონფლიქტი მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. დაპირისპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიბრუნეს. იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა დროშებით მსვლელობა, რამაც ქალაქის არაბი მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია და პოლიციასთან დაპირისპირება გაამწვავა.

ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე 21 მაისს ეგვიპტის შუამავლობით შეთანხმდნენ.

15 ივნისს იერუსალიმში ებრაელმა ნაციონალისტებმა დროშის მსვლელობა ჩაატარეს, რომელიც 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჰამასის სარაკეტო თავდასხმების გამო ვერ დასრულდა. ებრაელების იერუსალიმში მსვლელობას ღაზის სექტორიდან აალებადი აირით გაბერილი ბუშტების გამოშვება მოჰყვა, რამაც ისრაელში რამდენიმე ხანძარი გააჩინა. ამ თავდასხმებს ისრაელის ახალმა მთავრობამ იერიშით უპასუხა.

კომენტარები