უკრაინა თურქეთისგან კიდევ 24 საბრძოლო დრონის, Bayraktar TB2-ის შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ზალუჟნიმ ისაუბრა.
ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აქამდე ნაყიდ 12 Bayraktar TB2-ის ტიპის სამხედრო დრონს იყენებს.
"პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ მათთან [დრონებთან] ეფექტური მუშაობა, შემდეგ კი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენების ტაქტიკები", – ამბობს ზალუჟნი.
დრონების მწარმოებელი კომპანია ბაიქარის აღმასრულებელი დირექტორის, სელჩუკ ბაირაქტარის თქმით, Bayraktar TB2-ზე არნახული მოთხოვნაა.
"ეს ინტერესი ძალიან გაიზარდა იდლიბისა და მთიან ყარაბაღში ჩატარებული ოპერაციების შემდეგ. ზოგჯერ მოთხოვნის დაკმაყოფილების პრობლემაც კი გვაქვს", – ამბობს სელჩუკ ბაირაქტარი.
თურქული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარემ გამოიყენა და ეს მისი საბრძოლო წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება.