რუსეთი

ამომრჩევლის დაბნევის მიზნით, რუსეთში კანდიდატების ორეულებს იყენებენ 

ბორის ვიშნევსკი და მისი ორეულები
The Guardian

სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში სამი ბორის ვიშნევსკი იბრძვის, თუმცა მათგან მხოლოდ ერთია რეალური პოლიტიკოსი. 

CNN-ის ცნობით, ვიშნევსკის წინააღმდეგ მისი ორეულები იბრძვიან, რომლებმაც სახელი, გარეგნობა და ჩაცმულობაც კი შეიცვალეს, რათა ამომრჩეველი დაებნიათ და პარტია იაბლოკოს კანდიდატისთვის ხმები წაერთმიათ.  

"მათ წვერი და ულვაშიც კი გაიზარდეს. ასევე, ვფიქრობ, რომ ფოტოებიც დამუშავებულია, რათა მაქსიმალურად დამსგავსებოდნენ". – ამბობს ვიშნევსკი. 

ვიშნევსკი ასამბლეის წევრი 2016 წლიდანაა და მას არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს, თუმცა რუსეთის მთავრობა ორეულების საშუალებით ცდილობს მის დამარცხებას. 

"როგორც ჩანს, გამარჯვების ძალიან მაღალი შანსი მაქვს და ჩემს შესაჩერებლად სხვა გზა ვერ გამონახეს. ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური თაღლითობაა. მათ ამომრჩევლის დაბნევა სურთ, ამისთვის კი ორეულებს იყენებენ". – თქვა ვიშნევსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

ორეულების ტაქტიკა რუსეთის ისტორიაში ცნობილი მეთოდია, რომელიც 90-იან წლებშიც აქტიურად გამოიყენებოდა.

თაღლითური ტაქტიკა 2016 წელს ეკატერინა ლებედევას წინააღმდეგაც გამოიყენეს. მის ორეულს ევგენია ლებედევა ერქვა და გარეგნულად მათი გარჩევა საკმაოდ რთული იყო. 

"ევგენიამ ჩემი ხმების თითქმის 30% აიღო. ამომრჩეველი უბრალოდ დაიბნა და შეცდომაში შევიდა". – თქვა ეკატერინა ლებედევამ. 

ლებედევასგან განსხვავებით, ვიშნევსკის ორი კონკურენტი ჰყავს, რომელთაც სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და განათლებაც კი იდენტური აქვთ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ ამ მოვლენას "სამარცხვინო" და "ამომრჩევლის დაცინვა" უწოდა.

ბორის ვიშნევსკი

 

კომენტარები