ავღანეთი

"საჰაერო მხარდაჭერა მოქმედებს, თუ ხმელეთზე გეგმა აქვთ" – ბაიდენისა და ღანის ბოლო საუბარი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ავღანეთის ყოფილი, გაქცეული პრეზიდენტი, აშრაფ ღანი

გამოცემა Reuters-მა გაასაჯაროვა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ავღანეთის ყოფილი, გაქცეული პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ბოლო სატელეფონო საუბარის ნაწყვეტები. საუბარი ქაბული დაცემამდე შედგა. გამოცემას მასალა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. საუბარი ქაბულის დაცემიდან რამდენიმე კვირით ადრე, 23 ივლისს შედგა.

ბაიდენი: ბატონი პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი.

ღანი: რა თქმა უნდა, ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ხმის გაგება.

ბაიდენი: იცი, ცოტა დამაგვიანდა. გულწრფელად გეუბნებით. ჰეი, მისმინე, მინდა ცხადი იყოს, რომ ისევე არ ვარ სამხედრო კაცი, როგორც შენ, მაგრამ ჩვენი პენტაგონის ხალხს შევხვდი, და ეროვნული უსაფრთხოების ხალხს, როგორც შენ შეხვდი ჩვენსას და თქვენსას. როგორც იცი, თქმაც არ მჭირდება, მსოფლიოსა და ავღანეთის ნაწილებში არის აღქმა, რომ საქმე კარგად არ მიდის თალიბანთან ბრძოლის მხრივ... საჭიროა, ეს მართალია თუ არა, არსებობს სხვა სურათის დახატვის აუცილებლობა.

...

ბაიდენი: თუკი ბისმილას [თავდაცვის მინისტრი, ბისმილა ხან მუჰამადი] უფლებას მისცემ, რომ შეასრულოს დასახლების ცენტრების მნიშვნელოვან ნაწილებზე ფოკუსირებული სტრატეგია, და მე სამხედრო კაცი არ ვარ, ასე რომ არ გეუბნები, გეგმა ზუსტად როგორი უნდა იყოს, მხოლოდ მეტ დახმარებას კი არ მიიღებ, არამედ შექმნი აღქმას, რაც შეცვლის, თუ როგორ უმმ... [არ ისმის]... ჩვენი მოკავშირეები და ამერიკელი ხალხი ფიქრობენ, რომ აკეთებთ. 

ცხადია, რომ საუკეთესო არმია გყავს, 300 000 კარგად შეიარაღებული სამხედრო, 70-80 000-ის წინააღმდეგ. მათ [ავღანელ სამხედროებს] ნამდვილად შეუძლიათ კარგად ბრძოლა, განვაგრძობთ ახლო საჰაერო მხარდაჭერას, თუ გვეცოდინება, რაა გეგმა და რას ვაკეთებთ. აგვისტოს ბოლომდე, შემდეგ რა მოხდება, ვინ იცის.

ასევე გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ თქვენს საჰაერო ძალებს ფრენა და საჰაერო მხარდაჭერა შეეძლოთ. დამატებით, მედგრად ვიბრძოლებთ, დიპლომატიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი მთავრობა უბრალოდ კი არ გადარჩება, არამედ იქნება მდგრადი და ზრდადი, რადგან ეს ნამდვილად არის ავღანელი ხალხის ინტერესებში, რომ თქვენ წარმატებას მიაღწიოთ და გაუძღვეთ. მართალია ვიცი, რომ ასეთი რამის პირდაპირ თქმა ჩემი მხრიდან ერთი მხრივ სითამამეა, მაგრამ დიდი ხანია გიცნობ, ბრწყინვალე და ღირსეულ კაცად მიმაჩნიხარ. 

მაგრამ მე მართლა მგონია, არ ვიცი, შენ იცი თუ არა, რომ მთელ მსოფლიოში ამ საქმეს წაგებულად ხედავენ, რაც ასე არაა, აუცილებლად ასე არაა. გთხოვ, რომ იფიქრო [ყოფილი ვიცეპრეზიდენტი აბდულ რაშიდ] დოსტუმიდან, [ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ] კარზაიმდე, მათ შორის ვინცაა, ყველას შეკრებაზე. თუ ისინი დადგებიან და იტყვიან, რომ შენს შექმნილ სტრატეგიას მხარს უჭერენ და მეთაურად მებრძოლს ჩააყენებთ, ხო იცი, სამხედრო კაცს, [თავდაცვის მინისტრი ბისმილა] ხანს კი სტრატეგიის შესრულებას დაავალებთ, ეს აღქმას შეცვლის, ძალიან შეცვლის.

...

ღანი: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ სრულმასშტაბიანი შემოსევის წინაშე ვართ, რომელშიც მონაწილეობენ თალიბანი, პაკისტანის დაგეგმარება და ლოჯისტიკური დახმარება და მინიმუმ 10-15 000 საერთაშორისო ტერორისტი, ძირითადად პაკისტანელები, ასე რომ ეს განზომილება თვალთახედვაში მიღებული უნდა იქნას. 

მეორეც. ახლო საჰაერო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუ შემიძლია გთხოვოთ, ძალიან გულუხვი იყავით, თქვენი დახმარება, კონკრეტულად ჩვენი ავიაძალებისთვის, რადგან დიდი დამოკიდებულებაა საჰაერო ძალებზე. ამის დიდი მადლობელი ვიქნებოდით. 

და მესამე. დანარჩენი დახმარების პროცედურასთან დაკავშირებით, მაგალითად, ათწლეულებია, რაც სამხედრო ანაზღაურება არ გაზრდილა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც ჟესტები, რომლითაც ყველას შემოვიკრებთ. ასე რომ, თუ შეგიძლიათ, დანიშნეთ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ან პენტაგონი, ვინც გინდათ, რომ ჩვენთან დეტალებზე იმუშაოს. ასეთია ჩვენი მოლოდინები, განსაკუთრებით საჰაერო მხარდაჭერასთან დაკავშირებით. თალიბანთან არის შეთანხმებები, რომლებსაც [არ ისმის "ჩვენ" თუ "თქვენ"] ყურადღება არ მიქცევია, და მათ გამო თქვენი ავიაძალები ძალიან ფრთხილად იქცეოდნენ მათზე თავდასხმის დროს. 

და ბოლოს. ზუსტად ახლა ველაპარაკე დოქტორ აბდულას. ის თალიბანთან მოსალაპარაკებლად იყო წასული. თალიბანმა არანაირი სურვილი არ გამოხატა. მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი სამხედრო სიტუაციის დაბალანსება თავიდან მოხდება. მე შემიძლია დაგარწმუნოთ...

ბაიდენი: [ლაპარაკობს პარალელურად]

ღანი: და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ოთხ მთავარ ქალაქში ვიყავი, მუდამ ვმოგზაურობ ვიცეპრეზიდენტთან და სხვებთან ერთად, ჩვენ შეგვეძლება გაერთიანება. თქვენი მხარდაჭერის პირობები იმდენად შორსაა, რომ ჩვენ სერიოზულად მობილიზება არ შეგვიძლია. ბატონო პრეზიდენტო, სამოქალაქო წინააღმდეგობა გადასარევია, არის ქალაქები, რომლებიც 55 დღე ალყაში არიან და არ დანებებულან. კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით. ჩვენ შორის მანძილი მხოლოდ ერთი ზარია. ეს ისაა, რასაც მეგობარი მეგობარს ეუბნება, არ გეგონოთ, რომ რამეს მაძალებთ. 

ბაიდენი: არა, ესე იგი, მისმინე, მე... მადლობა. მისმინე, ახლო საჰაერო მხარდაჭერა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ხმელეთზე მხარდასაჭერი სამხედრო სტრატეგია არსებობს.

ჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არც ბაიდენის ადმინისტრაციაში და არც აშრაფ ღანისთან კავშირში მყოფ პირებს არ გაუკეთებიათ.

კომენტარები