ჩინეთი

ჩინეთი არასრულწლოვანებს ონლაინ თამაშების თამაშის უფლებას კვირაში 3 საათით აძლევს

ჩინეთმა ონლაინ თამაშების კომპანიებს უბრძანა, რომ არასრულწლოვანი მოთამაშეებისთვის შეამცირონ თამაშისთვის გამოყოფილი დრო, რათა შეეწინააღმდეგონ იმას, რასაც მთავრობის წარმომადგენლები "ახალგაზრდების ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულებას" ეძახიან.

ახალი კანონით, არასრულწლოვანებს ონლაინ თამაში შეეძლებათ მხოლოდ პარასკევს, შაბათ-კვირას და დასვენების დღეებზე, საღამოს 8-დან 9 საათამდე. 

ონლაინ თამაშების კომპანიებს არ აქვთ უფლება ამ საათებისა და დღეების გარდა არასრულწლოვანებს საკუთარი სერვისი შესთავაზონ. ასევე, მთავრობა მათ ავალდებულებს, რომ კარგად გააკონტროლონ მომხმარებლის პირადი მონაცემები, რათა არასრულწლოვანებმა თამაშისთვის ცრუ პირადობის მოწმობები არ გამოიყენონ. 

აქამდე არასრულწლოვანებს დღეში 1.5 საათით, დღესასწაულებზე კი 3 საათით თამაში შეეძლოთ. ახალი რეგულაცია მოჰყვა არასრულწლოვანთა მიერ, ონლაინ თამაშებში დასარეგისტრირებლად ზრდასრულების პირადობის მოწმობების გამოყენების ფაქტებს.

ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანომ, პრესისა და გამოცემების ეროვნულმა ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ ისინი უფრო ხშირად შეამოწმებენ ონლაინ თამაშების კომპანიებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი წესებს ასრულებენ.

მარეგულირებელი ორგანო ამბობს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება ემსახურება "არასრულწლოვანთა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ეფექტიან დაცვას".

რეგულაცია ასევე მოჰყვა ჩინეთის ბოლოდროინდელ ზეწოლას ადგილობრივ ტექგიგანტებზე.

კომენტარები