ავღანეთი

თალიბანმა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქება დაგმო 

თალიბანის წარმომადგენლობამ ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქება, რომელსაც 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საჯაროდ დაგმო

"ისლამური ემირატი მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტში სამოქალაქო პირებზე მიმართულ აფეთქებას. ეს შემთხვევა მოხდა იმ ზონაში, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი ამერიკელი სამხედროები არიან". – წერია თალიბანის განცხადებაში. 

BBC-ის ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ [ISIS] აიღო

პენტაგონის ინფორმაციით, ტერაქტის მიღმა ხორასნის პროვინცია [ISIS-K / ISKP] დგას, რომელიც ავღანეთსა და პაკისტანში მოქმედი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განშტოებაა და რეგიონში არსებული ჯიჰადისტური მოძრაობებიდან ძალადობისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა. 

ISIS-K-ის რიგებში, ძირითადად, ავღანელი და პაკისტანელი ჯიჰადისტები შედიან. 

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქებებიდან, ერთ-ერთი მაინც, თვითმკვლელი ტერორისტის ნახელავია.

ამჟამინდელი მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 60 პირი, 150-ზე მეტი კი დაშავებულია. 

პენტაგონის ცნობით, გარდაიცვალა 12 ამერიკელი სამხედრო, 20 კი დაჭრილია. 

დაშავებულია ათეულობით თალიბი და ასეულობით ავღანელი, რომლებიც აეროპორტის საშუალებით ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. 

აფეთქება მოჰყვა რამდენიმე ქვეყნის განცხადებას, რომ მათ ევაკუაციის პროცესი დაასრულეს.

გასულ დღეს, აშშ-ს საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ქაბულის აეროპორტის ტერიტორიას გაცლოდნენ და არ გადაადგილებულიყვნენ მისი მიმართულებით. დაზვერვის ინფორმაციით, არსებობდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს [ISIS] თავდასხმის საფრთხე.

საელჩოს გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში არ იყო ნახსენები თუ რა საფრთხე არსებობდა აშშ-ს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეწერა: "ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება გარემოს, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის დროს". 

გაფრთხილება მოჰყვა პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარებს ქაბულის აეროპორტში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს [ISIS] თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით.
 

კომენტარები