ავღანეთი

დიდი შვიდეულის ლიდერები ავღანეთის დატოვების საბოლოო თარიღის გადაწევაზე იმსჯელებენ

24 აგვისტოს დიდი შვიდეულის ლიდერები ავღანეთის დატოვების ვადის გადაწევაზე იმსჯელებენ. ამ დროისთვის, საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან გაყვანის ბოლო ვადა 31 აგვისტოა, თუმცა ევაკუაციის გაგრძელებისთვის, შესაძლოა, ამ ვადამ გადაიწიოს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება თალიბანის აღიარების ან სანქციების დაწესების საკითხი.

დიდი შვიდეულის საგანგებო შეხვედრა ონლაინ გაიმართება და მას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გაუძღვება. კრიზისის განხილვის გარდა, ბორის ჯონსონის თქმით, მსოფლიოს ლიდერები ასევე შემდეგი ეტაპისთვის უნდა იყვნენ მზად, როცა ავღანეთიდან ძალების გაყვანა საბოლოოდ დასრულდება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ ვოლესის თქმით, ჯონსონი ავღანეთში აშშ-ს ძალების დარჩენის გახანგრძლივების შესაძლებლობის საკითხს დააყენებს. საფრანგეთის თანახმად, ავღანეთის დატოვებისთვის მეტი დროა საჭირო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის თქმით, დიდმა შვიდეულმა უნდა განიხილოს, დარჩებიან თუ არა ავღანეთში 31 აგვისტოს შემდეგ.

თავის მხრივ, თალიბანი ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გაყვანის საბოლოო თარიღის გადაწევის შესაძლებლობას "წითელ ხაზს" უწოდებს.

ავღანეთზე თალიბანის კონტროლის დამყარებისა და ქაბულის დაკავების შემდეგ ათასობით ადამიანი ქვეყნის დატოვებას ქაბულის აეროპორტიდან ცდილობს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები