ავღანეთი

თალიბანი პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს, მიზეზად შარიათის კანონთან წინააღმდეგობას ასახელებს

თალიბანის წევრები 2021 წლის 19 აგვისტოს, ქაბულში ჩატარებულ პარადზე

16 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა და თქვა, რომ მათი არსებობა ისლამურ კანონს და შარიათს ეწინააღმდეგება. აკრძალვის შესახებ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე თალიბანის იუსტიციის მინისტრმა, აბდულ ჰაკიმ შარაიმ ისაუბრა.

"შარიათში პოლიტიკური პარტიების ამ ქვეყანაში მოქმედების საფუძველი არ არსებობს. ისინი არ ემსახურებიან ეროვნულ ინტერესებს და არც ერი აფასებს მათ." - თქვა მინისტრმა.

აკრძალვის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბულში ხელისუფლებაში დაბრუნების 2 წლის თავი აღნიშნეს.

მანამ, სანამ თალიბანმა ძალაუფლება დაიბრუნა, ავღანეთის იუსტიციის სამინისტროში 70-ზე მეტი პარტია იყო რეგისტრირებული.

ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ თალიბანი არაერთხელ დაადანაშაულეს გაერთიანების, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში. ავღანეთში მსგავსი აქტივობებით დაკავების უფლება მხოლოდ თალიბანის მხარდამჭერებს აქვთ.

შეგახსენებთ, რომ თალიბებმა ძალაუფლება ხელში 2021 წლის 15 აგვისტოს ჩაიგდეს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ ავღანეთის ომში 20 წლიანი მონაწილეობის შემდეგ ჯარი გაიყვანეს.

გაეროს თქმით, მრავალწლიანმა ომმა და გახანგრძლივებულმა გვალვამ ჰუმანიტარული კრიზისი ქვეყანაში გააუარესა. მოსახლეობის ორ მესამედს დახმარება სჭირდება.

კომენტარები