დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

აალებადი ბუშტებით ხანძრის 9 კერის გაჩენის შემდეგ, ისრაელმა ღაზაში იერიში მიიტანა

აფეთქება ღაზის სექტორში ისრაელის იერიშის შემდეგ, 2021 წლის 23 აგვისტო
The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანეს, მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორიდან გაშვებულმა აალებადმა რაკეტებმა ისრაელში ხანძრის 9 კერა გააჩინა.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათი ავიაგამანადგურებლების სამიზნე ჰამასის იარაღის საწყობი, გვირაბის შესასვლელი და მიწისქვეშა რაკეტების გამშვები იყო. მათი თქმით, რაკეტების გამშვები დაჯგუფებას მჭიდროდ დასახლებულ ლოკაციაზე ჰქონდა განთავსებული.

ორშაბათს, 23 აგვისტოს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით აალებადი ბუშტები გაუშვეს. ამას გარდა, გასულ დღეებში ღაზის სექტორისა და ისრაელის საზღვარზე საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა. დემონსტრაციები გასულ კვირაში დაიწყო, თუმცა განსაკუთრებით დაუნდობელი დაპირისპირება კვირას, 22 აგვისტოს მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა პალესტინელმა ებრაელი სნაიპერი პისტოლეტით თავის არეში დაჭრა. პალესტინელთა მხარის თქმით, დაშავდა 21 პალესტინელი.

საზღვარზე შეტაკებები იმის მიუხედავად მოხდა, რომ გაეროს შუამავლობით გადაწყდა, თუ როგორ შეიტანდნენ ღაზის სექტორში კატარიდან ნაღდი ფულის სახით გამოგზავნილ სუბსიდიებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა თქვა, რომ შემუშავებული გეგმით, თანხები ჰამასის ხელში ვერ მოხვდებოდა. კატარის დაფინანსების ღაზაში დაშვება, ამ მომენტისთვის, ისრაელისა და ჰამასის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შესათანხმებელი საკითხი იყო. ისრაელის მხარე დემონსტრაციების წახალისებაში ბრალს ჰამასს სდებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები, რომლებიც მაისში 11-დღიანი დაპირისპირების შემდეგ დაიწყო, თავდაპირველად თითქოს წარმატებით ვითარდებოდა, ბოლო კვირებში ვითარება შეიცვალა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ისრაელსა და ჰამასს შორის კვლავ ღია დაპირისპირება დაიწყოს.

დემონსტრაციებამდე, გასულ კვირაში, 18 აგვისტოს ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 2 რაკეტა გაუშვეს. შემთხვევაში ბრალი დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლებს დასდეს.


10 მაისს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ხდებოდა, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.

დაპირისპირება 11 დღეს გაგრძელდა. მთლიანობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

კონფლიქტი მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. დაპირისპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიბრუნეს. იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა დროშებით მსვლელობა, რამაც ქალაქის არაბი მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია და პოლიციასთან დაპირისპირება გაამწვავა.

ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე 21 მაისს ეგვიპტის შუამავლობით შეთანხმდნენ.

15 ივნისს იერუსალიმში ებრაელმა ნაციონალისტებმა დროშის მსვლელობა ჩაატარეს, რომელიც 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჰამასის სარაკეტო თავდასხმების გამო ვერ დასრულდა. ებრაელების იერუსალიმში მსვლელობას ღაზის სექტორიდან აალებადი აირით გაბერილი ბუშტების გამოშვება მოჰყვა, რამაც ისრაელში რამდენიმე ხანძარი გააჩინა. ამ თავდასხმებს ისრაელის ახალმა მთავრობამ იერიშით უპასუხა.

კომენტარები