დოლარის კურსი

სებ-ი: საბაზო სცენარით, ახლანდელი დოლარის კურსი 2023 წლამდე შენარჩუნდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს, სადაც ქვეყნის სამომავლო მაკროეკონომიკური მდგომარეობის პესიმისტური, საბაზო და ოპტიმისტური პროგნოზებია გაანალიზებული.

დოკუმენტის თანახმად, საბაზო სცენარში, 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად აღდგება და მოსალოდნელია, რომ კოვიდ-19-ის მართვის გაუმჯობესებული მეთოდები და გაფართოებული ვაქცინაცია პანდემიის გავრცელებას კონტროლს დაუქვემდებარებს. 

ეროვნული ბანკის ოპტიმისტური სცენარით, პოტენციურად გაუმჯობესებული საბაზრო განწყობები და განვითარებულ ქვეყნებში შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ადგილობრივ ეკონომიკაში ინვესტიციების შემოდინებას გაზრდის, რაც, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს ლარის სიმყარეზე და ლარი/დოლარის გაცვლით კურსზე. ამ სცენარით, მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 3%-ით გამყარდება, 2022 წელს კი – დამატებით 3%-ით. 

მეორე მხრივ, პესიმისტურ სცენარში ლარის გაუფასურებას უნდა ველოდოთ. კერძოდ, თუ მაკროეკონომიკური გარემო არასახარბიელო მიმართულებით შეიცვლება, ეროვნული ბანკის თანახმად, ლარი აშშ დოლართან 2021 წლის ბოლომდე 10%-ით გაუფასურდება, 2022 წელს კი – დამატებით 5%-ით. 

რაც შეეხება საბაზო, ყველაზე მოსალოდნელ სცენარს, სებ-ის პროგნოზით, ამ შემთხვევაში ლარი/დოლარის ამჟამინდელი გაცვლითი კურსი 2023 წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. 

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 3.1257 ლარი ღირს. 

კომენტარები