ავღანეთი

თალიბანისგან დასაცავად, FACEBOOK-მა ავღანელებისთვის უსაფრთხოების ახალი ფუნქციები დაამატა

კომპანია Facebook-მა თალიბანისგან დაცვის მიზნით, სპეციალურად ავღანელი მოსახლეობისთვის უსაფროების ახალი ფუნქციები დაამატა

პირველი მათგანი ე.წ. ლოკდაუნის ფუნქციაა, რომელიც ღილაკის ერთი დაჭერით ხურავს ანგარიშს და შეუძლებელს ხდის მომხმარებლის ინფორმაციის გადამოწმებას, ფოტოების და პოსტების გადმოწერას, მეგობრების სიის ნახვას და ჯგუფებსა თუ გვერდებზე მის მოძებნას. 

Facebook-ის ცნობით, თალიბები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს ავღანელ მოსახლეობასა და დასავლეთს შორის არსებული კავშირების დასადგენად. 

თალიბანის სოციალური მონიტორინგის სამსახურები სათითაოდ ამოწმებენ ავღანელი მომხმარებლების მეგობრების სიებს, ფოტოებს, გაზიარებულ პოსტებს, მოწონებულ გვერდებს და ჯგუფებს. იმ შემთხვევაში, თუკი დგინდება კავშირი მომხმარებელსა და აშშ-ს, NATO-ს, ავღანეთის ყოფილ მთავრობას ან არმიას შორის, მაშინ მათ თალიბანის შავ სიაში ინიშნავენ. 

Google-მა, Facebook-მა და YouTube-მა ავღანელი მომხმარებლების მონიტორინგში შემჩნეული ათასობით ანგარიში დაბლოკა, თუმცა თალიბანი მაინც განაგრძობს სხვადასხვა მეთოდებით ამ საქმიანობის გაგრძელებას. 

კომპანიის განმარტებით, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებით, ავღანელი მოსახლეობისთვის მეგობრების სია ავტომატურად დახურული გახდება და, საჭიროების შემთხვევაში, ლოკდაუნის ფუნქციაც ავტომატურად ჩაირთვება. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები