ისრაელი

"ერეტიკოსი ხარ, ეშმაკეული ხარ" – ისრაელში რაბინმა ანტივაქსერი სტუდენტი ლექციიდან გააგდო

რაბინი ბენ ზიონ მუტზაფიმ 

ისრაელში ულტრაორთოდოქსმა რაბინმა ბენ ზიონ მუტზაფიმ ლექციიდან ანტივაქსერი სტუდენტი გააგდო. ინციდენტის ვიდეოში ჩანს, რომ ლექციაზე სტუდენტმა ვაქცინების საწინააღმდეგო მოსაზრებებზე ხმამაღლა საუბარი დაიწყო, როგორც რაბინი იხსენებს, ყვიროდა, რაზეც მუტზაფიმ მას მკვეთრი პასუხი გასცა.

"6 500-ზე მეტი ადამიანი მოკვდა, შეწყვიტე, რაღაცების ნუ იგონებ. წადი, გადი აქედან, გიჟი ხარ. [..] გიჟად გაცხადებ, გადი აქედან. არ მოგცემ საუბრის საშუალებას, ერეტიკოსი ხარ, ეშმაკეული ხარ". – თქვა ბენ ზიონ მუტზაფიმ

ინციდენტი იერუსალიმის ერთ-ერთ სინაგოგაში მოხდა. მოგვიანებით Channel 12-თან საუბრისას რაბინმა შემთხვევა გაიხსენა:

"საუბარი უეცრად გამაწყვეტინა და გაგიჟდა, მიყვიროდა. ვიცი, რომ აზრი არ აქვს ასეთ ადამიანებთან საუბარს და ვთხოვე გაჩუმებულიყო. არ გაჩუმდა და ყვირილი გააგრძელა, ვუთხარი, რომ საუბრის უფლება არ ჰქონდა, რადგანაც ეს ჩვენი დისკუსიის თემა არ იყო. რამდენიმე ეპითეტით მოვიხსენიე, რომლებსაც იმსახურებდა". – თქვა რაბინმა.

მუტზაფის თქმით, ანტივაქსერულ განწყობას ლექციებს გარეთაც შეხვედრია, რისი მიზეზიც, მისი აზრით, ვაქცინის მხარდამჭერი პოზიციაა.

"მეცოდებიან, ვინც ამ ცეცხლს აღვივებს. უნდა მივიღოთ ისინი, დავიახლოოთ, მაგრამ ჭორებს ავრცელებენ, სამეცნიერო ფანტასტიკა დღეს ჩვენს გარშემო ხდება". – თქვა ბენ ზიონ მუტზაფიმ​.

​მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი მუტზაფის ესაუბრა და ვაქცინების მოწინააღმდეგეების კრიტიკისთვის შეაქო. პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, როგორი მნიშვნელოვანია, რომ რაბინებმა საზოგადოებას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისკენ მოუწოდონ.

75 წლის ბენ ზიონ მუტზაფი პანდემიის მანძილზე აქტიურად მოუწოდებდა მოსახლეობას, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დაეცვათ. გასულ წელს ის აკრიტიკებდა მათ, ვინც ნიღბებს არ ატარებდა და ამბობდა, რომ ისინი ადამიანის მოკვლის საწინააღმდეგო ბიბლიურ მცნებას არღვევდნენ. რაბინი ასევე მხარს უჭერდა ებრაულ ფესტივალებზე დაწესებულ მკაცრს შეზღუდვებს. მაშინ როცა ბევრი ამბობდა, რომ ეს შეზღუდვები ორთოდოქსი ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული, მუტზაფი ამბობდა, რომ შეზღუდვები ადამიანების სიცოცხლის დაცვისთვის იყო დაწესებული.

კომენტარები