თვითმმართველობის არჩევნები 2021

მელია: უგულავამ თბილისი წინ წასწია, იმავეს გააკეთებს ფოთში, როგორც ოპოზიციის კანდიდატი

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. უგულავამ თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ წარდგენაზე თქვა, რომ უგულავა "ძალიან გამოცდილი, მძიმეწონიანი" პოლიტიკოსია და ის, თბილისის მსგავსად, ფოთსაც "სასიკეთოდ წასწევს წინ". 

"ძალიან მიხარია, რომ ფრონტის წინა ხაზზე, ველის წინა ხაზზე ყველა ქალაქში და რეგიონში დგას რეფერენდუმის ლიდერი. ძალიან ბედნიერი ვარ, ფოთში [დგას]  ძალიან გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო წინა წლებში. მოწინააღმდეგეც კი ვერ უარყოფს, ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად, სასიკეთოდ წინ წასწია. ეჭვი არ მეპარება, რომ იგი თქვენთან ერთად იმავეს გააკეთებს ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი". –ამბობს ნიკა მელია.   

17 აგვისტოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, დროამ და გირჩი – მეტი თავისუფლებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებს. პარტია მხარს ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, რომელმაც თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ – დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე წარადგინა. თბილისში კოორდინირებული პარტიების ვიცემერობის კანდიდატი გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძე იქნება.

ბათუმში 9 ოპოზიციური პარტიის შეთანხმებული მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის ვახტანგ კალოიანი იქნება.

ენმ-მ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატები 29 მუნიციპალიტეტში უკვე წარადგინა.

ევროპულ საქართველოს მერობის კანდიდატი 14 ქალაქში ეყოლება, აქედან 2 – შეთანხმებული. პარტია 16 რეგიონულ მუნიციპალიტეტში მხარს კოორდინირებული ოპოზიციის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, მათგან 12 ენმ-ს კანდიდატია. 


2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები