ლიტვა-ბელარუსი

ლიტვა ბელარუს მესაზღვრეებს არალეგალური მიგრანტების საზღვარზე გადაყვანაში ადანაშაულებს

კადრი ლიტვის სასაზღრო სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ლიტვა 12 ბელარუს მესაზღვრეს მის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლასა და არალეგალური მიგრანტების ჯგუფის გადაყვანაში ადანაშაულებს. ბელარუსი ბრალდებებს უარყოფს და თავის მხრივ, ლიტველ მესაზღვრეებს მიგრანტებთან ძალადობრივ მოპყრობაში ადანაშაულებს.

ლიტვის სასაზღვრო სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს რომ 12 ბელარუსი ოფიცერი ფარებით და სპეც აღჭურვილობით აკვირდებიან, როგორ კვეთენ მიგრანტები საზღვარს, მოგვიანებით კი თავადაც გადადიან ლიტვის ტერიტორიაზე. ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ბელარუსმა მესაზღვრეებმა 35 მიგრანტს საზღვრის გადაკვეთა აიძულეს. შინაგან საქმეთა მინისტრის, აგნე ბილოტაიტეს თქმით, პროვოკაციის საპასუხოდ ლიტვა საზღვარზე პატრულირებას გაამკაცრებს.

ბელარუსის სასაზღვრო სამსახურმა ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც არც 12 ოფიცერი ჩანს და არც მიგრანტების მიერ საზღვრის კვეთა. ვიდეოში ლიტველი მესაზღვრეებს შორის შეხლა-შემოხლა ჩანს. ბელარუსის სასაზღვრო სამსახურმა ლიტვური მხარე თავშესაფარზე მოთხოვნების მიზანმიმართულ უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

2021 წლის განმავლობაში ბელარუსიდან ლიტვაში 4 100-ზე მეტი მიგრანტი გადავიდა. საზღვრის არალეგალურად კვეთის შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა ივნისში, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა. სანქციები Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას და ბელარუსი ჟურნალისტის და აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავებას მოჰყვა.

ლიტვამ და მისმა მოკავშირეებმა ბელარუსი ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების გადაყვანაში დაადანაშაულეს. ლუკაშენკოს თანახმად კი ბელარუსი აღარ მიიღებს განსაკუთრებულ ზომებს, რათა მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთაში ხელი შეუშალოს.

მიგრანტების კრიზის გამო ლიტვა ბელარუსის საზღვარზე კედლის აშენებას და საზღვრის გამაგრებას გეგმავს. გარდა ამისა სასაზღვრო რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა ივლისის ბოლოს დაიწყო. ერთი კვირის წინ ლიტვიდან ბელარუსში საზღვრის დამრღვევთა ძალით დაბრუნება დაიწყო. ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ლატვიამაც. გარდა ამისა პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გამაგრებისთვის 900 სამხედრო მიავლინეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თქმით, მდგომარეობა მათთანაც ლიტვის მსგავსია და მიგრანტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ორგანიზებული მოქმედების ხასიათისაა.

კომენტარები