საქართველო-ბელარუსი

რა წერია ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს სუს-ს შორის დადებულ შეთანხმებაში

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

მხარეები ვალდებულებას იღებენ, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია; ოპერატიულად ითანამშრომლონ სხვადასხვა დანაშაულებთან საბრძოლველად, მათ შორის სახელმწიფო სუვერენიტეტის, კონსტიტუციური მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ - ომის დროს ერთმანეთს ტექნიკური და ოპერაციული დახმარება აღმოუჩინონ, იბრძოლონ ტერორიზმის და კიბერტერორიზმის წინააღდეგ, აღკვეთონ არალეგალურ იარაღებთან დაკავშირებული დანაშაულები, მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებას/წარმოებას/შეძენას ხელი შეუშალონ.

ამასთან ერთად, თანამშრომლობის ფარგლებში, შეთანხმებისა და თხოვნის მიხედვით, მხარეები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ პერსონალური მონაცემების გადაცემაში.

ამ ფაქტს გამოეხმაურა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, რომლის განცხადებაშიც წერია, რომ ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი სწორედ მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უფლებადამცველებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რითაც ახშობს ბელარუსში კრიტიკულ აზრს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და კრძალავს ქვეყანაში უფლებადამცველების  ლეგიტიმურ საქმიანობას. 

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარემ არ დაუშვას უსაფრთხოების სამსახურებს შორის დადებული შეთანხმების რეალური ამოქმედება, რადგან აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუსებს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს. უფლებადამცველების დაცვის ვალდებულება კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სახელმწიფოს აკისრია.  ბელარუსის ავტორიტარულ რეჟიმთან ამოქმედებული შეთანხმებით და მისი გამოყენებით საქართველოს მხარე უხეშად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს საქართველოში მყოფ ბელარუს უფლებადამცველებს თუ პოლიტიკურ დევნილებს, მიმართონ მას სამართლებრივი დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხო ყოფნა საქართველოში". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები