კორონავირუსი საქართველოში

ერთჯერადი ჭიქები, დისტანცია, პირბადე – პატრიარქის კურთხევა ეკლესიებისთვის

საქართველოს საპატრიარქო

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესია-მონასტრებს კურთხევა მისცა, რომ 14 აგვისტოდან სამი კვირის განმავლობაში პანდემიასთან დაკავშირებულ სხვა რეგულაციებთან ერთად, სიტკბოების მისაღებად მრევლმა ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ, ასევე დაცული იყოს დისტანცია და მრევლმა თან იქონიოს პირბადე.

"ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნეს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები". – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში. 

ჯერ კიდევ 2020 წელს კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა – მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

პირველ ჯერზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 2020 წლის 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს. ამავე წესით გრძელდება ღვითსმსახურება და ზიარება დღემდე.


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 359 შემთხვევა. გამოჯანმთელდა 2 726 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  471 685-ია, 6 321 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 415 146.

კომენტარები