რუსეთი

სერგეი შოიგუ: გამიმართლა და ვიმუშავე ბევრ ლიდერთან, რომლებიც ჰააგის ტრიბუნალზე მოხვდნენ

სერგეი შოიგუ
The Moscow Times

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, თქვა, რომ გაუმართლა და ჰქონდა ბედნიერება, ყოფილი იუგოსლავიის ბევრ ხელმძღვანელთან ემუშავა, რომლებიც სამხედრო დანაშაულების გამო ჰააგის ტრიბუნალზე მოხვდნენ. მინისტრმა ამის შესახებ თქვა ფორუმზე "აზრების ტერიტორია".

ფორუმზე შოიგუმ იმ შიდა საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებსაც ბოლო დროს საზოგადოების გახრწნამდე მივყავართ.

"ეს გახრწნა, თითქოსდა შეუმჩნევლად მიდის. სამწუხაროდ, მე ბევრი ასეთი რამის მოწმე გავხდი, დაწყებული სერბეთიდან ან ყოფილი იუგოსლავიიდან. ბევრ ხელმძღვანელთან, რომლებიც შემდეგ ჰააგის ტრიბუნალზე მოხვდნენ, მე, არ დავმალავ, მქონდა ბედნიერება და გამიმართლა მემუშავა, მეთანამშრომლა მათთან. ესაა მილოშევიჩიც, კარაჯიჩიც, გენერალი მლადიჩი. ვიღაცები უკვე აღარ არიან, მაგრამ ისინი მაშინ, ბოლო მომენტში, მიხვდნენ, რომ ქვეყანა შიგნიდან იხრწნებოდა" - თქვა მინისტრმა.

საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე ჰააგის ტრიბუნალს სერბეთის და რუსეთის ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებს. 

2020 წლის ივნისში ჰააგის სასამართლომ სერბეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი ხელმძღვანელის, "ბოსნიის ყასბად" წოდებული რატკო მლადიჩის სამუდამო პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა. სასამართლომ დაადასტურა მლადიჩის ბრალი გენოციდში, სამხედრო დანაშაულებში და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, რომლებიც 1992-1996 წლებში სარაევოს ალყის დროს და 1995 წელს სრებრენიცაში იყო ჩადენილი. ამ პერიოდში სერბეთში 8 000 მუსლიმი მოკლეს. საერთაშორისო ტრიბუნალი რატკო მლადიჩს 1990-იანი წლების ბოლოდან ეძებდა. სასამართლომ მლადიჩის სამუდამო პატიმრობის განაჩენი 4-წლიანი პროცესის შემდეგ, 2017 წელს გამოუტანა. სასამართლოზე ჩვენება 600-მდე მოწმემ მისცა.

1999 წლის მაისში ჰააგის ტრიბუნალმა ბრალდებები 1999 წელს კოსოვოში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს ბრალი წაუყენა. მილოშევიჩს და კიდევ ოთხ უმაღლესი თანამდებობის პირს ბრალი ხუთი პუნქტით დასდეს, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად კლასიფიცირდება: მკვლელობა, პოლიტიკური, რასობრივი და რელიგიური მოტივებით დევნა და დეპორტაცია. მათ ასევე წარედგინათ ბრალი ომის კანონების დარღვევისთვის. 2001 წლის პირველ აპრილს მილოშევიჩი დააკავეს. 2001 წელს ის ჰააგაში, გაეროს ციხეში გადაიყვანეს. მილოშევიჩი 2006 წლის 11 მარტს ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს, რადოვან კარაჯიჩს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა სამუდამო პატიმრობა ყოფილი იუგოსლავიის კონფლიქტის დროს გენოციდისთვის მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს 1995 წელს სრებრენიცაში 7 000 მუსლიმის მკვლელობასთან კავშირის გამო. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება იყო. ასევე, სასამართლომ კარაჯიჩს პასუხისმგებლობა დააკისრა სარაევოს ალყისთვის, რომელიც სამ წელზე დიდხანს გაგრძელდა და რომლის დროსაც საარტილერიო ცეცხლისა და სნაიპერთა სროლის გამო დაახლოებით 10 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

კომენტარები