ენერგეტიკა

წყლის გადასახადის არარეგულარულად და ერთიანად დარიცხვის გამო, GWP დაჯარიმდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP)

წყლის მრიცხველის ჩვენების არარეგულარულად წაკითხვისა და მოქალაქეებისთვის გადასახადის ერთიანად დარიცხვის გამო სემეკ-მა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი [GWP] 75 000 ლარით დააჯარიმა. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკ] განმარტებით, GWP მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამდენიმე თვის ან წლის შუალედით, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის გადასახადის გადახდა. 

ასევე, მომხმარებლები საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ 2021 წელს კომპანიის მიერ აღებულ რეალურ ჩვენებებში შესული იყო 2020 წელს მოხმარებული წყლის მოცულობაც, რომელიც GWP-მ დაიანგარიშა ახალი ტარიფით და არა პირველ იანვრამდე მოქმედი ტარიფით. 

"სემეკ-ის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მრიცხველიანი მომხმარებლების უმეტესობის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მსგავსი ტიპის დარღვევებს. კომპანიას განემარტა, რომ დარღვევების აღმოუფხვრელობის ან მათი განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს კომპანიის განმეორებით დაჯარიმებაზე". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები