აგვისტოს ომი

საგარეო: რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

სირცხვილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის დაწყების 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საგარეო წერს, რომ 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოში სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიტიკის აპრობირება მოახდინა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

უწყება აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით და კიბერთავდასხმებით ისევე, როგორც ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, მათი დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები და საოკუპაციო ხაზზე გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი უხეშად ლახავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

საგარეო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც იხსენებს, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ოკუპაციისა და ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევაში.

"სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ისეთ მძიმე დანაშაულებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაში, როგორიცაა: მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების მკვლელობა და სიცოცხლის უფლების ხელყოფა; მათი წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; ეთნიკური წმენდა და ქართული სოფლების გადაწვა, გაძარცვა და განადგურება; ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში  დაბრუნების უფლების ხელყოფა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა; მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით აგრძელებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე.
 
აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და მიზანმიმართულად უშლის ხელს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად ძალისმიერი გზით გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში. მსგავსი აგრესიული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და მუქარას ძალის გამოყენებით და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას
".- აღნიშნულია განცხადებაში.
 
უწყების ცნობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად ინტენსიური სახე აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, აკრძალულია მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღება და გალისა და ახალგორის მცხოვრებლებს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში.

ამასთან, საგარეო აღნიშნავს, რომ ძლიერდება დაუსჯელობის სინდრომი ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით, რაც წახალისებულია საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების - ბაშარულის, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების შეფერხებით.
 
"არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ტრანსფორმაციის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და დევნილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისაკენ; ხოლო, მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საქართველოს მოსახლეობის შერიგებისა და მათ შორის ნდობის აღდგენისაკენ. საქართველო სრულად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მან ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების ერთგულება, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. ჩვენ მზად ვართ, ფართო დიალოგისთვის, რომ აფხაზ და ოს საზოგადოებებთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანაცხოვრება თანამედროვე, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი იქნება აფხაზი და ოსი საზოგადოებებისთვის და სადაც თანაბრად იქნება დაცული მათი უფლებები და თავისუფლებები".- ვკითხულობთ განცხადებაში.                                                         
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განლაგება.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ძალისხმევა განახორციელოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესში, ხელი შეუწყოს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის განგრძობით აგრესიულ პოლიტიკას ფართო შავი ზღვის რეგიონში.

კომენტარები