არჩევნები 2021

კობახიძე ISFED-ზე: წინა არჩევნებიდან გაკვეთილი ვერ გამოიტანეს, მოვუწოდებთ, სტანდარტი აამაღლონ

ირაკლი კობახიძე
იმედი

"სამართლიანმა არჩევნებმა ვერ გამოიტანა გაკვეთილი იმ წარსულიდან, რაც ჩვენ წინა არჩევნებთან დაკავშირებით გვახსოვს". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. 

მისი შეფასებით, ISFED-ის ანგარიშში სრულიად აბსურდული ჩანაწერებია გამოქვეყნებული. კობახიძე მოუწოდებს ორგანიზაციას, "საკუთარი საქმიანობის სტანდარტი აამაღლონ". 

"პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება იყო ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ოპოზიციისთვის, რომ მათ ემტკიცებინათ, რომ არჩევნები არ გაყალბდა, რაც იყო სრული ფარსი და გაყალბებულმა პივიტმა რადიკალურ ოპოზიციას ამაში ხელი შეუწყო.

სამწუხაროდ, ორგანიზაციამ აქედან დასკვნები ვერ გამოიტანა და მსგავსი ტიპის ქმედებები გრძელდება. რა თქმა უნდა, ისინი პივიტის გაყალბებას ვეღარ გარისკავენ, თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ ახალი ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც სრულიად აბსურდული ჩანაწერებია მოცემული სხვადასხვა თემაზე. სამართლიან არჩევნებს მოვუწოდებთ, საკუთარი საქმიანობის სტანდარტი აამაღლონ, რაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში მათივე რეპუტაციისთვის". - ამბობს კობახიძე. 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს. მათ შორის არის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, ზეწოლა მუქარა, მტრული განწყობები ქალთა მიმართ პოლიტიკაში და სხვ. 

კომენტარები