მწერალთა აკადემიის წერილი

მწერლების თქმით, წულუკიანისადმი წერილზე მათი ხელმოწერა მათთან შეთანხმებული არ იყო

გუშინ, 5 აგვისტოს, მწერალთა აკადემიის სახელით გამოქვეყნდა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანისადმი მიძღვნილი წერილი, რომელიც მწერალთა სახლის წინააღმდეგ არის მიმართული და ხელმომწერებიც ჰყავს, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ წერილის შესახებ მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ გაიგეს და ხელი არაფერზე მოუწერიათ.

წერილში წერია, რომ მწერალთა სახლში შეჭრილები არიან "მედროვე-მოროდიორები", "ბორდი თუ ბორდელი", რომლებმაც ისტორიული შენობა "ბარდაკად, რესტორნად და სასტუმროდ აქციეს". ასევე მოთხოვნილია, დირექტორის - ნატა ლომოურის გადაყენება და მწერალთა აკადემიისთვის გრანტისა და საკონკურსო დაფინანსების გადაცემა.

ხელმომწერებს შორის არიან მწერლები - ტარიელ ხარხელაური, ელდინო საღარაძე, თემურ შავლაძე, ჯუბა ღებელი და ლერი ალიმონაკი, რომლებიც ამბობენ, რომ წერილისთვის ხელი არ მოუწერიათ და მეტიც, მისი შინაარსის შესახებ აქამდე არაფერი იცოდნენ.

პოეტი ტარიელ ხარხელაური წერს, რომ ბოლო პერიოდში ქართულ მწერლობაში წარმოქმნილი დაპირისპირებული მხარეები დიდ გულისტკივილს იწვევს მასში და ის მწერალთა კავშირს ტოვებს.

"ვტოვებ მწერალთა კავშირს და საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი გაერთიანების წევრობისა, რომელიც ხელს უწყობს ქართული მწერლობის რაიმე მხარეებად დაყოფას და ეროვნული მწერლობის დაკნინებას. ორივე მხარეს დგანან ჩემი მეგობრები, რომლებთან ურთიერთობაც ჩემთვის დიდი პატივია და რომელთაც ყოველგვარ კავშირზე თუ გაერთიანებაზე მაღლა ვაყენებ… ტახტზე ფიქრია იოლი - დავითობაა ძნელი!", - წერს ხარხელაური.

მწერალთა აკადემიას ტოვებს ელდინო საღარაძეც და წერს, რომ მან წერილის შესახებ თავისი შეშფოთებული მეგობრებისგან გაიგო, რომლებიც ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, რატომ მიიღო მსგავს მიმართვაში მონაწილეობა.

"სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულს, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე!

შეურაცხყოფილი ვარ. სულ მცირე, რაც მიმართვის ავტორს უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ ხელისმომწერებს შეთანხმებოდა", - დაწერა ელდინო საღარაძემ.

წერილზე ხელი არ მოუწერია ერთ-ერთ "ხელმომწერ", ლერი ალიმონაკსაც. მისი პოზიცია ელდინო საღარაძემ თავისივე პოსტში გააჟღერა და დაწერა, რომ "განსაკუთრებული წუხილი ამ ფაქტის გამო ბატონმა ლერი ალიმონაკმა გამოთქვა, როგორც ერთ-ერთმა ვითომ ხელისმომწერმა ამ მიმართვაზე".

პოეტმა, თემურ შავლაძემ, ტაბულასთან საუბარში თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის წერილის ხელმომწერებში წერია, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და გუშინ თავისი მეგობრისგან გაიგო.

"არც ხელი მომიწერია, არც წარმოდგენა მაქვს წერილზე, წუხელ გამაგებინა ჩემმა მეგობარმა, ვნახეო და თქვენი სახელი და გვარი იყოო და გაკვირვებული იყო. მაინტერესებს ამ წერილის არსი და შინაარსიც და საერთოდ ვის რაში სჭირდება ასეთი რამის გავრცელება. ვინმეს თუ რამე ინტერესები აქვს, კი ბატონო, მაგრამ მე რა შუაში ვარ? მინდა ვიყო სრულ თავისუფლებაში და არ ვეთანხმები ამას, თავს დამცირებულად ვგრძნობ, ახლაც კი", - თქვა მან.

მსგავსი პასუხი გაგვცა წერილზე კიდევ ერთმა "ხელმომწერმა", ჯუბა ღებელმა. პოეტი ამბობს, რომ ის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ამ მიმართვის შესახებ არაფერი იცოდა.

"არც მე ვიცოდი, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდეს, ახლაც კი არ ვიცი დაზუსტებით, ვის მიერ არის დაწერილი ეს წერილი, არ ვიცოდი ამის შესახებ არაფერი. შეიძლება მანდ წამოყენებული საკითხები მართლა დგას კულტურის პოლიტიკის საქმეში, მაგრამ ამ კუთხით და ასეთი პათოსით არ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაჟღერებული", - თქვა მან.

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს წერილის ხელმომწერად მოხსენიებულ ყველა მწერალს და გადაამოწმოს, ნამდვილად მოაწერეს თუ არა ხელი გავრცელებულ მიმართვას.

კომენტარები