საქართველო-რუსეთი

რუსეთი: მზად ვართ ურთიერთობების აღსადგენად, რა დონეზეც ქართული მხარე არის მზად

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრ ბიკანტოვი 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას შეეხო

ოფიციალური მოსკოვი 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ ქართულ მხარეს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ 7-8 აგვისტოს ქართულმა მხარემ ცხინვალის დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნა.

ბიკანტოვი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები ქართული აგრესიისგან გადაარჩინა.

"რუსეთმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა განადგურებას გადაარჩინა – ჯერ შეაჩერა ქართული შემოჭრა, ჩაატარა ოპერაცია, რომლითაც აგრესორს მშვიდობა აიძულა, შემდეგ კი უზრუნველყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, 2008 წლის 26 აგვისტოს ორივე რესპუბლიკის სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით" – თქვა ბიკანტოვმა.

ბიკანტოვი შეეხო საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობასაც.

"რუსეთში არასდროს დასმულა ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის. მზად ვართ, აღვადგინოთ სახელმწიფოებს [საქართველოსა და რუსეთს] შორის ურთიერთობა, იმ დონეზე, რა დონეზეც ქართული მხარე არის მზად. ვიმედოვნებთ, რომ თბილისში საღი აზრი იმძლავრებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას ინტერესების ბალანსის გათვალისწინებით დაიწყებენ" – თქვა ბიკანტოვმა. 

ასევე ბიკანტოვმა დასავლეთს მოუწოდა, უარი თქვან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სურვილზე და თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან თანასწორი მოლაპარაკებების სტიმული მისცეს.

კომენტარები