ბიუჯეტის დეფიციტი

ხუციშვილი: 2026 წლისთვის მთავრობის ვალს შევამცირებთ 45%-მდე, 2030 წელს - 40%-ზე დაბლა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10-წლიანი გეგმის წარდგენისას თქვა, რომ 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალი 45 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო 2030 წლისთვის 40%-ზე დაბალი იქნება.

"გლობალური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაზიანების გარეშე შევძელით პანდემიაზე სათანადო პასუხის გაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური აღდგენის პროცესების სწრაფად დასაწყებად. დღეს ჩვენი ამოცანაა ბიუჯეტის დეფიციტის ნორმალიზაცია და ვალის მაჩვენებლის შემცირება. 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45 პროცენტამდე, 2030 წლისთვის 40 პროცენტზე დაბლა, ხოლო დეფიციტს - 2 პროცენტამდე. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული სამიზნე მაჩვენებლები". - ამბობს ლაშა ხუციშვილი

ამასთან ერთად, ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც 10-წლიანი გეგმის მიხედვით, 4%-მდე უნდა შემცირდეს 2026 წლისთვის. 

"გამოწვევად რჩება მთავრობის ვალში უცხოური ვალუტის მაღალი წილი და საფინანსო სექტორში დოლარიზაცია. 2026 წლისთვის ჩვენი სამიზნე მაჩვენებლებია: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება 4 პროცენტამდე, უცხოური ვალუტის ვალის წილის შემცირება მთლიან ვალში 65 პროცენტამდე, დოლარიზაციის შემცირება 45 პროცენტამდე“. - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

წლევანდელი ბიუჯეტის მიხედვით, წლის ბოლოს სახელმწიფო ვალის საერთო მოცულობა 32 მილიარდი იქნება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 54%-ა.

კომენტარები