კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 000-მდე საწოლი, საიდანაც 6 000-მდე დაკავებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკურ სექტორში მობილიზებულია შვიდი ათასამდე საწოლი, საიდანაც ექვსი ათასამდე საწოლი დაკავებულია.

"დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31 000 პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმრავლესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ოჯახის ექიმები. ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდ-სასტუმროებში და დღეს კლინიკურ სექტორში მობილიზებული არის 7000-მდე საწოლი, საიდანაც 6000-მდე დაკავებულია. მოვუწოდებ, ჩვენს მოსახლეობას, რომ ინტენსიურად ჩაერთონ აცრებში. ასევე არ დაავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცია". - ამბობს ტიკარაძე. 

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

"ჩვენ მასიური ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავდით ივლისის ბოლოს, აგვისტოს თვეში და სწორედ დათქმულ თარიღებში დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი. შესაბამისი სივრცეები ეწყობა. კონკრეტულად ამ სივრცის მოწყობისთვის [სამედიცინო უნივერსიტეტის] დაგვჭირდა 48 საათზე ნაკლები. როგორც კი ჩვენ დავინახავთ, პაციენტების მოთხოვნა არის მაღალი, დაემატება აცრის სივრცეები. არ არსებობს საქართველოში არანაირი დეფიციტი არც ერთი ვაქცინის". - ამბობს ტიკარაძე. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 41 965 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 147 პაციენტი.

კომენტარები