თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე

კლუბი Phase Fatale-ზე: კლუბიდან არტისტიც და სტუმარიც გავაძევეთ, თავდასხმა გარეთ მოხდა

კლუბი Sphere, რომელშიც DJ-ს, სასცენო სახელით Phase Fatale უნდა დაეკრა, არტისტზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. Sphere-ის ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა კლუბში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მომუშავე ბარის წევრსა და მოწვეულ არტისტს, Phase Fatale-ს, რის გამოც დაცვის თანამშრომლებმა ისინი გააძევეს, არტისტზე თავდასხმა კი კლუბის გარე ტერიტორიაზე მოხდა. 

Phase Fatale-ის განმარტებით, მას თავს კლუბის დაცვის თანმხლები პირები დაესხნენ, თუმცა კლუბის განცხადებაში ამ ფაქტზე არაფერია ნათქვამი.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ინციდენტს, რომელიც დღეს კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აქ საქმე გვქონდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კლუბში მომუშავე ბარის გუნდის წევრსა და მოწვეულ არტისტს. დაპირისპირების შემდეგ დაცვის მიერ კლუბიდან გაძევებული იქნა, როგორც არტისტი, ისე სტუმარი, მოგვიანებით კი, არამც თუ კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ მის გარეთ, სტუმარი თავს დაესხა არტისტს და ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, იმისათვის, რათა ბოროტმოქმედი იქნეს დასჯილი. ცალსახაა, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არტისტების, მომსახურე პერსონალისა და სტუმრების უსაფრთხოებაა. ვგმობთ ჰომოფობიასა და ნებისმიერი სახის შევიწროებას და იმავეს ვითხოვთ თითოეული სტუმრისაგან. შემდგომი ღონისძიებები კი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებით გაიმართება". – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ ბერლინელ DJ-ს, სასცენო სახელით Phase Fatale. ის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია ფესტივალ Sphere-ისა, რომელიც 30 ივლისს უნდა გამართულიყო.

ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის შესახებ არტისტი საკუთარ INSTAGRAM გვერდზე წერს და განმარტავს, რომ მას კლუბის დაცვის თანმხლები პირები დაესხნენ თავს, სადაც არტისტს დღეს უნდა დაეკრა.

Phase Fatale ბერლინის ცნობილი კლუბის – Berghain-ის და, ასევე, ქართული საკლუბო სცენის Khidi-ს რეზიდენტ არტისტია. 

ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება შეტყობინების მიღებისთანავე 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები