ანტივაქსერი ექთანი

ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკიდან ანტივაქსერი ექთანი გაათავისუფლეს

ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკიდან გაათავისუფლეს ექთანი, რომელმაც Facebook-ზე ანტივაქსერული ვიდეო გაავრცელა. 

თორნიკე ნონიაშვილი Facebook ლაივში ამტკიცებდა, რომ კლინიკის თანამშრომლებს ვაქცინაზე ინფორმაცია არ აქვთ და ავრცელებდა სიცრუეს, რომ ვაქცინა ადამიანს ლეტალობისგან არ იცავს. ვიდეო Facebook-მა ცრუ ინფორმაციად მონიშნა. 

"[ექიმები]  ვაკუუმში არიან. ამას ორი მიზეზი აქვს - ერთი ის, რომ მათ არ აქვთ დრო და დრო იმიტომ არ აქვთ, რომ არის სამარცხვინო ხელფასები, როგორც ექიმებში, ასევე ექთნებში. იმის გამო, რომ რაღაც ელემენტარული ხელფასი გამოუვიდეთ, 24 საათი აქ არიან. [...] ვაქცინაცია არ იცავს არათუ ინფიცირების, არამედ გადაცემისგან და ლეტალობისგან, ამის ცოცხალი მაგალითები გვაქვს. 

მე სადაც ვარ, ამ განყოფილებას აქვს რეანიმაცია - რეანიმაცია იყოფა 2 ნაწილად, ერთი COVID-რეანიმაცია, მეორე ჩვეულებრივი რეანიმაცია. ამ რეანიმაციის ექიმები და ექთნები ორჯერ არიან ვაქცინირებული და მათ ვაქცინაციამდეც ჰქონდათ კოვიდი და ვაქცინაციის შემდეგაც შეხვდათ. მე ცხოვრებაში ტესტი არ გამიკეთებია, რაც შემოვიდა ვირუსები, გაციებაც კი არ მქონია. მათ შეხვდათ არა მარტო ეს ვირუსები, არამედ COVID-19-ითაც დაინფიცირდნენ. დადიან და კითხულობენ, რა აზრი ჰქონდა აცრას. [...] თუ ვაქცინაცია მოქმედებს და გვიცავს, რატომ ემართება ამ ხალხს ეს ყველაფერი? ანუ, ვაქცინაცია არ მოქმედებს, ხომ ასეა?" - ამბობს ნონიაშვილი.   

ბოკერიას სახელობის კლინიკის განცხადებით, ანტივაქსერულ განცხადებას მკაცრად ემიჯნებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ კოლეგების დაკნინების გამო. 

"ჰოსპიტლის ადმინისტრაცია გმობს და ემიჯნება მსგავსი ტიპის განცხადებას, მიუღებლად მიაჩნია თანამშრომლობა პირთან, რომლის განცხადებაც რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას.

ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი აცნობიერებს სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მიიჩნევს, რომ სწორედ მედპერსონალი ამაღლებს სანდოობას ვაქცინაციისადმი მოსახლეობაში". - ვკითხულობთ განცხადებაში.

 ანტივაქსერი ექთანი აპირებს, რომ კლინიკას სასამართლოში უჩივლოს. 

კომენტარები