ლელო

ჯაფარიძე: ოცნებისგან შეთანხმების ანულირებად გამოცხადება დამარცხების აღიარება იყო

ეს არის მორიგი ურცხვი განცხადება ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ, რომ შეთანხმება შედგა, მასზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ გააბრიყვონ თავიანთი მომხრეები და უთხრან, რომ თითქოს მათ ძალიან აღელვებდათ, ნაციონალური მოძრაობა შეუერთდებოდა თუ არა ამ შეთანხმებას. მათ ერთი რამ აღელვებთ ახლა, რომ მოძებნონ რაიმე საბაბი, რომ თქვან, რომ ჩვენ დავასრულეთ, ამოწურულია შეთანხმება, იმის გამო, რომ თითქოს მას არ შეუერთდა ნაციონალური მოძრაობა ან ევროპული საქართველო, რაც არის აბსოლუტური სიბრიყვე და უსინდისო მცდელობა ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში. 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გააკეთა ეს ოცნებამ, ეს არის პირდაპირი გამოხატულება იმის, რომ მათ დაინახეს, რომ საერთოდ ახლოს არ არიან 43%-თან, პირდაპირ დაინახეს საფრთხე, რომ აგებენ არჩევნებს. თუ ვინმეს დასავლელ პარტნიორებში რაიმე ილუზია დარჩენილი ჰქონდა, რომ ქართული ოცნება რჩება შეთანხმების ერთგული, მათი ილუზიების დასამსხვრევადაც იყო ეს განცხადება. მიზანი იყო, როგორმე დემოტივაცია მოახდინონ ამომრჩევლის, როგორმე შეიტანონ რაიმე ხინჯი და დაძაბონ ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებს შორის... ეს არის დამარცხების აღიარება. მე ვფიქრობ, რომ ამან პირიქით მობილიზაცია უნდა გაგვიკეთოს. 

ამის შესახებ ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

კომენტარები