თვითმმართველობის არჩევნები 2021

ქართული ოცნება ვადამდელის დასანიშნად 43%-იან ვალდებულებაზე უარს ამბობს

ირაკლი კობახიძე
იმედი

ქართული ოცნება ვადამდელი არჩევნების დასანიშნად თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იან ვალდებულებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა, 19 აპრილს დადებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს, ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამიტომ, მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია, მან "თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა".  

შესაბამისად, ქართული ოცნება უარს ამბობს 43%-იანი ბარიერის ვალდებულებაზე - თავმჯდომარის მიერ დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადებასთან ერთად, პარტიამ უარი თქვა ვადამდელ არჩევნებზე ბარიერის დაწესებაზე. კობახიძის თქმით, არჩევნებზე 53%-იანი ბარიერი მათი "კეთილი ნების" შემთხვევაში იქნება - "თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს".

"დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში ქართული ოცნების მხრიდან ამ შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება. 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა.

[...] მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით". – ამბობს კობახიძე.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

კომენტარები