COVID-19-ის ვაქცინა

კვლევა: AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინების შერევა ანტისხეულების რაოდენობას ზრდის

სამხრეთ კორეაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის თანახმად, AstraZeneca-სა და Pfizer-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზების შერევა ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობის ზრდას იწვევს, რაც ვირუსისგან დაცვის შესაძლებლობებს აუმჯობესებს.

კვლევის მიხედვით, პაციენტისთვის პირველ დოზად AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების, მეორე დოზად კი – Pfizer-ის შემთხვევაში, ორგანიზმში თითქმის 6-ჯერ იზრდება ანტისხეულების რაოდენობა, ვიდრე ორივე დოზად AstraZeneca-ს აცრის მიღებისას. 

კვლევაში სამედიცინო სფეროში დასაქმებული 499 პირი მონაწილეობდა.  200-მა მათგანმა მიიღო Pfizer-ის ორივე დოზა, 199-მა AstraZeneca-სი, დანარჩენმა 100-მა კი – შერეული. 

ვაქცინირების შემდეგ, კვლევაში ჩართულ ყველა მონაწილეს აღმოაჩნდა დამაკმაყოფილებელი რაოდენობის ანტისხეულები, რომლებიც ხელს უშლიან ვირუსის უჯრედებში შეღწევას და მათ გამრავლებას. 

Pfizer-ის ორ და შერეულ დოზებს, დაახლოებით, ერთნაირი ანტისხეულების მაჩვენებელი ჰქონდათ, AstraZeneca-ს ორი დოზის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო. 

ამ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ვაქცინების შერევა ვირუსთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა. 

სამხრეთ კორეული კვლევის მსგავსი შედეგები აჩვენა გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამაც.  

ოქსფორდის კვლევის ფარგლებში, რომელშიც 850-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ერთმანეთს შეადარეს ვაქცინების გაკეთების სხვადასხვა თანმიმდევრობა, მათგან ყველაზე ეფექტიანი კი AstraZeneca-ს ვაქცინის შემდეგ Pfizer-ის დოზის მიღება აღმოჩნდა. 

ვაქცინების შერევის ნებისმიერმა კომბინაციამ აჩვენა COVID-19-ის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნის მაღალი მაჩვენებელი. 

ოქსფორდის პროფესორის, მეთიუ სნეიპის თქმით, აცრების შერევის მეთოდი მეტ მოქნილობას შესძენს და დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს.

ვაქცინების შერევის მეთოდი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე ნებადართულია.
 

 

კომენტარები