ავღანეთი

თალიბანის თავდასხმების გამო, აშშ ავღანეთს სამხედრო საჰაერო დახმარების გაგრძელებას ჰპირდება

გენერალ კენეთ ფრანკ მაკკენზის თქმით, ავღანეთის სამთავრობო ძალების დასახმარებლად, აშშ განაგრძობს საჰაერო თავდასხმების შესრულებას.

ბოლო კვირებია, თალიბანი აქტიურად უტევს ავღანეთის თავდაცვის ძალებს. თალიბები ცდილობენ, დაიკავონ პროვინციების დედაქალაქის ქალაქგარეთ რაიონები და სასაზღვრო პუნქტები. 

"ბოლო დღეებში აშშ-მ ავღანეთის ძალების მხარდასაჭერად საჰაერო თავდასხმებს მოუხშირა და მზად ვართ, მხარდაჭერის დონე გავზარდოთ, თუკი თალიბანი შეტევებს განაგრძობს". – თქვა გენერალმა კენეთ ფრანკ მაკკენზიმ. 

მაკკენზი ხელმძღვანელობს აშშ-ს ცენტრალურ სარდლობას, რომელიც ამ რეგიონში მყოფ აშშ-ს ძალებს მეთაურობს. გენერალმა არ თქვა, აპირებს თუ არა აშშ ავღანეთის მთავრობისთვის საჰაერო თავდასხმებით დახმარებას 31 აგვისტოს შემდეგ. მან თქვა, რომ თალიბანის დამარცხება არაა გარდაუვალი და პრობლემის პოლიტიკური მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები