რუსეთი

რუსეთში მოქალაქეებმა პუტინს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, ინიციატორი სასამართლომ დააჯარიმა

RBC

რუსეთში ქალაქ პერმის რაიონულმა სასამართლომ 20 000 რუბლით დააჯარიმა ადგილობრივი აქტივისტი, ელენა გერმანოვა. გერმანოვას ინიციატივით ქალაქის მცხოვრებლებმა პრეზიდენტისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერეს და სთხოვეს, სპორტის სასახლესთან მდებარე სტადიონის ადგილას საცხოვრებელი კვარტალი არ აეშენებინათ.

გერმანოვას ჯარიმა არასანქცირებული საჯარო ღონისძიების ჩატარებისთვის გამოუწერეს. აქტივისტმა სასამართლოს სთხოვა მოსმენა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაედოთ, თუმცა საბოლოოდ, სასამართლომ გადაწყვეტილება გერმანოვას დასწრების გარეშე გამოიტანა.

ელენა გერმანოვა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია. ჯგუფი ცდილობს, პერმში, სპორტის სასახლესთან მდებარე სტადიონის ნაცვლად საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას ხელი შეუშალოს. 

23 ივლისს პერმის ათობით მცხოვრებმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც ვლადიმირ პუტინს ჩარევას და სტადიონის დაცვას სთხოვენ. ვიდეომიმართვის ჩაწერის შემდეგ სამართალდამცველებმა ელენა გერმანოვა და კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს, მათ არასანქცირებული აქციის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს.

კომენტარები