ხატია დეკანოიძე

"ჯარიმა შეაჩერებს?" – დეკანოიძესთან მომხდარზე მოკვლევა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პირი უკვე იდენტიფიცირებულია.

საქმის წარმოების დაწყებას გამოეხმაურა ხატია დეკანოიძეც. დეპუტატი წერს, რომ მუხლში არ არის ასახული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა, მუქარა და სხვა. 

"ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა? საჯარო მუქარა, დახვრეტით ყველას – ნაციონალური მოძრაობის წევრის მიმართ? მანქანის დამიზნება ჩვენზე? ჟურნალისტი ძლივს გადარჩა. ანუ სახლში რომ მოგვივარდეს ავტომატით, ადმინისტრაციული ჯარიმა შეაჩერებს"? – წერს დეკანოიძე. 

ხატია დეკანოიძის ცნობით, 24 ივლისს მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან ინტერვიუსას მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, როგორ აყენებს მანქანიდან გადმოსული კაცი სიტყვიერ შეურაცხყოფას დეკნაოიძესა და ჟურანლისტებს.

კომენტარები