უკრაინა-რუსეთი

უკრაინამ რუსეთის უმსხვილეს ონლაინ-გაყიდვების კომპანია WILDBERRIES-ს სანქციები დაუწესა

ვოლოდიმირ ზელენსკი
Twitter/@ZelenskyyUa

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსეთის უმსხვილეს ონლაინ გაყიდვების კომპანიას Wildberries-ს სანქციები დაუწესდა. განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

სანქციები შეეხო Wildberries-ის იურიდიულ წარმომადგენლებს რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში. სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე Wildberries-ის ამ ქვეყნებიდან მოქმედი საიტის დაბლოკვას. სხვადასხვა ქვეყნებში კომპანიის ამ ქვეყანაზე მორგებული საიტის ვერსია მუშაობს, სანქციების გამო უკრაინიდან საიტის სხვადასხვა ვერსიაზე წვდომა შეიზღუდება.

გარდა ამისა, პერსონალური სანქციები დაუწესდა Wildberries-ის დამფუძნებელს ტატიანა ბაკალჩუკს, მის ქმარს ვლადისლავ ბაკალჩუკს, Wilberries-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულების დირექტორს ანდრეი რევიაშკოს და წიგნების გაყიდვაზე კონცენტრირებული მიმართულების ხელმძღვანელს ალექსეი კუზმენკოს.

პერსონალური სანქციები მოიცავს უკრაინის ტერიტორიაზე არსებული აქტივების დაბლოკვას, უკრაინიდან კაპიტალის გატანაზე აკრძალვას და ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით სანქციები სამი წლით წესდება.

ტატიანა ბაკალჩუკი რუსეთის უმდიდრესი ქალების სიაში მეორე ადგილზეა, ხოლო იმ უმდიდრესი რუსების რეიტინგში, რომლებმაც ქონება დამოუკიდებლად მოიპოვეს, პირველ ადგილზეა. ორივე რეიტინგს ჟურნალი Forbes-ი ადგენს. გამოცემა ბაკალჩუკის ქონებას 13 მილიარდ დოლარად აფასებს.

კომენტარები