ევროპული საქართველო

მერია ევროპულ საქართველოს ეხმაურება: კალაძის პოსტების რეკლამირება მისივე სახსრებით ხდება

თბილისის მერია ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის სიტყვებს, რომ მუნიციპალიტეტის მერია პიარკამპანიაში წელიწადში 5 000 000 ლარს ხარჯავს, აქედან 600 000 ლარს კი თბილისის მერი, კახა კალაძე საკუთარი თავის რეკლამირებაში იხდის.

მერიაში აღნიშნავენ, რომ კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება მისი პირადი სახსრებით ხორციელდება და ამისთვის საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა, თუმცა ნონიაშვილმა ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული სქემის პრეზენტაციისას არა კახა კალაძის, არამედ თბილისის მერიის ოფიციალური გვერდის დანახარჯებზე ისაუბრა.

"განვმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, მათ შორის: საქალაქო სამსახურების, გამგეობებისა და დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სოციალური მედიის 33 ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საინფორმაციო პოსტების სპონსორობისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ იქნა შემდეგი ხარჯები: 2018 წელს – 137,139.41 ლარი; 2019 წელს – 143,590.42 ლარი; 2020 წელს – 58,117 ლარი; 2021 წელს – 15,028 ლარი". – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპული საქართველო ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტიკორუფციულ ქსელს ქმნის, რომლის ხელმძღვანელი გიორგი ნონიაშვილი იქნება. ქსელის პრეზენტაციაზე ნონიაშვილმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეებზე ისაუბრა.

"თბილისის მერია პიარში წელიწადში 5 000 000 ლარს ხარჯავს, აქედან 600 000 ლარს - კალაძე საკუთარი თავის რეკლამირებაში. ეს ხდება იმ პირობებში, როცა თბილისში სანიაღვრე სისტემები მოუწესრიგებელია და უბნები იტბორება. ეს ხდება მაშინ, როცა თბილისის გამწვანება მასიურად ხმება და არავინ არ წამლავს მას. ამას ვებრძვით. ბიჭიკო პაიკიძე ვანის საკრებულოს დეპუტატია, რომელმაც, იმის შემდეგ, რაც 70 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას და შვილი სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მოანათვლინა, მოიწყო პოლიტიკური კარიერა და 22 000 000 ლარი მიიღო ბიზნესში ტენდერების სახით". – თქვა ნონიაშვილმა. 

კომენტარები