კორუფცია

ნონიაშვილი: მერია პიარში წელიწადში 5 მლნ-ს ხარჯავს, აქედან 600 ათასს - კალაძე თავის რეკლამირებაში

ტაბულა

ევროპული საქართველოს ახალმა სახემ, გიორგი ნონიაშვილმა, რომელიც ანტიკორუფციულ ქსელს ჩაიბარებს, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეებზე ისაუბრა. 

"სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში დღეს კორუფცია არის ხელისუფლების ყველა ეტაპზე, ყველა დონეზე, სოფელშიც, ქალაქშიც, ცენტრალურ ხელისუფლებაშიც. ძვალ-რბილში არის გამჯდარი. მე მგონი, რომ ამ ხელისუფლების ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ზუსტად კორუფციაა. ამით ინარჩუნებს  ის ძალაუფლებას, მაგრამ ჩვენ გვართმევს მომავალს. არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს წესიერი მოქალაქე, რომელიც, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, რომელსაც შეიძლება თავისთვის, თავისი შვილებისთვის მოეწონოს კორუფციული  ქვეყანა. ამიტომაც უნდა ვებრძოლოთ კორუფციას. ამას ვებრძვით ჩვენ. 

თბილისის მერია პიარში წელიწადში 5 000 000 ლარს ხარჯავს, აქედან 600 000 ლარს - კალაძე საკუთარი თავის რეკლამირებაში. ეს ხდება იმ პირობებში, როცა თბილისში სანიაღვრე სისტემები მოუწესრიგებელია და უბნები იტბორება. ეს ხდება მაშინ, როცა თბილისის გამწვანება მასიურად ხმება და არავინ არ წამლავს მას. ამას ვებრძვით. ბიჭიკო პაიკიძე ვანის საკრებულოს დეპუტატია, რომელმაც იმის შემდეგ, რაც 70 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას და შვილი სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მოანათვლინა, მოიწყო პოლიტიკური კარიერა და 22 000 000 ლარი მიიღო ბიზნესში ტენდერების სახით". - ამბობს ის. 

ნონიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა კომპანიამ ჭავჭავაძის გარე განათების მოწყობაში 1 500 000 აიღო - ამდენივე დაჯდა თბილისის გარე განათებაც. 

"ერთი გამზირის გარე განათება დაჯდა იმდენი, რამდენიც თბილისის გარე განათება. აი, ამას ვებრძვით. ამ კორუფციას, რომელიც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვართმევს მომავალს, არაფრის შესაძლებლობას აღარ ტოვებს". - ამბობს ნონიაშვილი. 

ევროპულმა საქართველომ ნონიაშვილი დღეს, 23 ივლისს წარადგინა. გიორგი ნონიაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციულ არასამთავრობო ორგანიზაციას. იგი მმართველობის მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელია და გამოსცემდა ბიუჯეტის ფლანგვის დეტექტორს, მუშაობდა ადამიანის უფლებების მიმართულებით

კომენტარები