ჟურნალისტებზე ძალადობა

5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე დღეს, 18 ივლისს, გომელაურს პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. 

რიგგარეშე სესია 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

უცნობია, დაესწრება თუ არა სესიას ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია. პარლამენტში მისვლას გეგმავს პარტია ლელო, რომელიც ასევე ბოიკოტის რეჟიმშია. მათი განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მინისტრმა ყველა კითხვას პასუხი გასცეს. 

სესიის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან მედიის საპროტესტო აქცია გაიმართება. ვახო სანაიას თქმით, გომელაურს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები პარლამენტში დახვდებიან. 

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა, მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ, რა შეგვიძლია". – თქვა ვახო სანაიამ. 

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

"გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა". – აღნიშნულია განცხადებაში. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მას შემდეგ მედიის პროტესტი არ წყდება. მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ. 

კომენტარები